პოლიტიკა
    2026-11-05 | 15:49

    რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

    რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

    რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართული პოლიტიკური პარტია „დროას“ საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    რუსეთის პროკურატურის განცხადებით, პარტიის წევრები „გამოკვეთილად რუსოფობიურ პოზიციებს“ იკავებენ და რუსეთის საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად საქართველოს მიმართულებით.

    უწყების მტკიცებით, „დროა“ ეწინააღმდეგება რუსეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზებას, მოითხოვს სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტას.

    რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.

    რუსული უწყების ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში არასამეწარმეო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის სტატუსით რეგისტრირებული „დროა“ ოპოზიციური ალიანსის — „კოალიცია ცვლილებისთვის“ შემადგენლობაში შედის.

    პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ პარტიის საქმიანობა მიმართულია საქართველოში მმართველი პოლიტიკური ელიტის რუსეთთან კავშირების მხილებისა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების იდეის პოპულარიზაციისკენ.

    უწყების ცნობით, „დროა“ აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ქვეყნის ე.წ. „კარპატების რვიანში“ გაწევრიანებას ემხრობა. აღნიშნული ფორმატი უკრაინის ინიციატივით შეიქმნა და მასში ავსტრიის, უნგრეთის, პოლონეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის მონაწილეობაა გათვალისწინებული.

    მსგავსი სტატიები