4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
როგორც მან ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, აპირებს სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს.
“13 - თვიანი წამება დასრულდა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულის წყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხესი ათობით სინდისის და პოლიტპატიმრები არიან, რომლებსაც უკანონოდ აქვთ მისჯილი. გადავსებულია ციხეები ბავშვებით და მოზარდებით. როგორც ქალთა ციხეში, ასევე ყველგან, ადამიანის უფლებები ირღვევა, პრობლემა კი ის არის, რომ არ არსებობს ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, რომელიც მათ დაიცავს,” - განაცხადა სანდერმა.
ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაამტკიცა.
შეთანხმების თანახმად, სანდერს სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერს 24 ივნისს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.