პოლიტიკა
    2026-11-09 | 12:49

    საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს, ფაქტობრივად, აღკვეთა პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება - სერგეი შოიგუ

    საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს, ფაქტობრივად, აღკვეთა პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება - სერგეი შოიგუ

    რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მიესალმება და რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“-ის მუშაობის განახლებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

    მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს, ფაქტობრივად, აღკვეთა პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აირჩია.

    „ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს ვუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე“, – განაცხადა შოიგუმ დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.

    მისივე თქმით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“-ის მუშაობის განახლება.

    შოიგუმ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება, რასაც, მისი შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაცია და რეგიონში ფაქტობრივი მშვიდობის დამყარება განაპირობებს.

    რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე ისაუბრა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი შეთანხმება სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჯერ კიდევ ადრე იქნა მიღწეული.

    „ამასთან, ყველა ლოჯისტიკურ პროექტს ეკონომიკური დასაბუთება უნდა ჰქონდეს და მისი განხორციელება მომგებიანი უნდა იყოს“, – განაცხადა შოიგუმ.

    მისივე შეფასებით, ცენტრალურ აზიაში ვითარება სტაბილურია, რამაც რეგიონი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ცენტრად აქცია.

    თუმცა, შოიგუს თქმით, რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებიც არსებობს, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის, მათ შორის რელიგიური ექსტრემიზმის გავრცელებისა და ნარკოტრაფიკის საფრთხეები.

    რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ცენტრალური აზიის უსაფრთხოებისთვის ავღანეთში სტაბილურობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქაბულთან კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

    მსგავსი სტატიები