პოლიტიკა
    2026-11-10 | 14:06

    ჩინეთთან ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპებზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან - შალვა პაპუაშვილი

    ჩინეთთან ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპებზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან - შალვა პაპუაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში პოზიციებს აძლიერებს.

    როგორც პაპუაშვილმა პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნება, რაც, მისი შეფასებით, ევროკავშირის მიდგომისგან განსხვავდება.

    „ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და მათ შორის საქართველოში იმის დასტურია, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება. ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია – საქართველო ძლიერ პოზიციებს იკავებს როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

    გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ზომისა თუ გავლენის სხვაობის მიუხედავად, ჩინეთის მხრიდან არასოდეს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩინეთთან ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპებზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და ჭკუის სწავლებით თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობამ უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით სანიმუშოა.

    პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკა უმწიფარი და წინდაუხედავია, რის გამოც ევროპა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროცესებში სათანადო როლს კარგავს.

    „დღეს აბუ-დაბიში მოლაპარაკება დაიწყება. ევროკავშირი ბევრს ლაპარაკობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს, თუმცა ვხედავთ, რომ იქ არ იქნება. ეს შედეგია იმ უმწიფარი და წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკის, რომელსაც ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა აწარმოებს.

    საბოლოო ჯამში, მიიღეს ის, რომ დედამიწის ზურგზე დიდი სახელმწიფო არ დარჩა, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს. დღეს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, საქართველომ არ უნდა გაიზიაროს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური რჩევები ბრმად, რადგან, პაპუაშვილის შეფასებით, ამ პოლიტიკამ თავად ევროკავშირი რთულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

    მსგავსი სტატიები