სუროგაციის საკითხზე ოპოზიციის რეაქცია ფარისევლობაა, კომერციული სუროგაცია კი საქართველოში უკონტროლო ფორმებს იღებდა - თენგიზ შარმანაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა სუროგაციის საკითხზე საქართველოს პატრიარქის მიერ გამოთქმული პოზიცია გაიზიარა, ხოლო ოპოზიციის კრიტიკა ამ გადაწყვეტილების მიმართ ფარისევლურია.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მანამდე კომერციული სუროგაციის პრობლემაზე არ საუბრობდა და საკითხის კრიტიკა მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მმართველმა პარტიამ პატრიარქის მოსაზრება გაიზიარა.
„ერთმა მეუფემ რაღაც განაცხადა და ატეხეს ერთი ამბავი: წარმოგიდგენიათ, მმართველი პარტია არ უსმენს და არ უჯერებს მათო და როგორც კი პატრიარქმა თავისი აზრი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე და მმართველმა პარტიამ გაიზიარა, ეს ძღვენია საპატრიარქოს მისამართითო. ის თურმე ცუდი საქციელი ყოფილა და აქ პატრიარქს თუ რამე დაუჯერე, თუ მისი არგუმენტი გაიზიარე, მაშინ რაღაც ძღვენი ყოფილა, ძღვენი - ცუდი გაგებით, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ამიტომ, მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ. ვის სჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
მეორე, რაც ყველაზე უფრო დამაფიქრებელია: თუ ეს პრობლემა იყო და თვითონაც ამბობენ, კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ ხომ? პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო ეს, რომ ცუდი რაღაც ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო. რა ინტერესი აქვთ, რომ ეს სუროგაცია არსებობდეს - არ ვიცი. ყველა ერთად დავფიქრდეთ და ვუყუროთ, ვინ რის ლობირებას ეწევა. ჩვენ საპატრიარქოს პოზიცია შეიძლება სხვა საკითხებშიც გავიზიაროთ და ამას ხმამაღლა ვიტყვით. თუ რაღაცაზე დავფიქრდებით, ამასაც ხმამაღლა ვიტყვით, არავის მოვატყუებთ და ისინი ფარისევლები არიან,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, კომერციული სუროგაცია საქართველოში უკონტროლო ფორმებს იღებდა, რასაც ქალების ექსპლუატაცია და ტრეფიკინგის შემთხვევებიც უკავშირდებოდა.
„ჩამოჰყავდათ ეს ქალები, რომელთა ექსპლუატაციასაც ეწეოდნენ და ახლაც ეწევიან, სანამ არ აიკრძალება. [ქალები] რაღაც ეტაპებს გადიოდნენ იმის გამო, რომ ორი კაპიკი ეშოვათ და ოჯახში შეეტანათ. ფაქტობრივად, ტრეფიკინგის უკანასკნელი ფორმები მიიღო ამ ყველაფერმა“, - აღნიშნა დეპუტატმა.
შარმანაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ეკლესიის არგუმენტები გაიზიარა და საქართველოში არსებული უკონტროლო ვითარების აღკვეთას საჭიროდ მიიჩნევს.
„სუროგაციის ის ფორმები, განსაკუთრებით, კომერციული სუროგაციის ის ფორმები, რომელიც დღეს საქართველოშია, ყოვლად დაუშვებელია და ამაში პრინციპულები ვიქნებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.