მსოფლიო
არ ვარ ცალმხრივად მიღებული ზომების მომხრე - გაეროს გენერალური მდივანი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებაზე
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, იერუსალიმის სტატუსის გარშემო არსებული დავა ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გადაწყდეს, რათა იყოს გათვალისწინებული როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ინტერესები.
„გენერალური მდივნის თანამდებობაზე დადგომის დღიდან მუდმივად გამოვდივარ ცალმხრივი ზომების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელისა და პალესტინელების მშვიდობის პერსპექტივებს ძირს უთხრის.
რაც შეეხება იერუსალიმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ის უნდა ყოფილიყო მიღებული მოლაპარაკებების ფარგლებში საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით ორ მხარეს შორის უსაფრთხოების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე“, -თქვა გუტიერეშმა დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას., რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით უნდა იყოს მიღწეული, რომ იერუსალიმი გახდეს როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი. გუტიერეშის მტკიცებით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და გეგმა ბ არ არსებობს.
მან პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს, რათა ისინი დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, და მათ ხალხს შორის მშვიდობა დამყარდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საპროტესტო ტალღა მთელ მსოფლიოში.
ტრამპმა ასევე გასცა ბრძანება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს აშშ-ის საელჩოს გადატანის პროცესი თელ-ავივიდან იერუსალიმში. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას უწოდა „ნაბიჯი სამშვიდობო პროცესების წინ წაწევისთვის“ ისრაელსა და პალესტინელებს შორის.
იერუსალიმის დიპლომატიური სტატუსისა და აშშ-ის საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლით ტრამპმა შეასრულა კონგრესისი მიერ 1995 წელს აღებული ვალდებულება, ე.წ. „იერუსალიმის საელჩოს აქტი“, რომელიც ავალდებუებს ფედერალურ ხელისუფლებას, გადაიტანოს თავისი საელჩო წმინდა ქალაქში.
ანა მებურიშვილი