პოლიტიკა


არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში უკონკურსოდ დასაქმებული რძალ-შვილი - TI მაია მიმინოშვილზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო.
ორგანიზაციის განმარტებით, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა, ასევე წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.
კვლევის ავტორების თქმით, მაია მიმინოშვილს 2017 წლის 31 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული, რომ მიმინოშვილის (მასთან მცხოვრები) შვილი ალექსანდრე ყანჩაველი ფლობდა 14%-იან წილს შპს „არქი დეველოპმენტში”. აღნიშნულ კომპანიაში ყანჩაველი წილის მფლობელი იყო კომპანიის დაფუძნებიდანვე - 2013 წლის 25 თებერვლიდან, თუმცა მაია მიმინოშვილს ამის შესახებ არცერთ დეკლარაციაში არ მიუთითებია. ალექსანდრე ყანჩაველმა აღნიშნული წილი 140 ათას ლარად ირაკლი ქაფიანიძეს 2017 წლის 30 იანვარს მიჰყიდა.
მიმიმოშვილის ოჯახის წევრის კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან მით-უფრო საყურადღებოა, რომ „არქი დეველოპმენტის” კიდევ ერთი მეწილე (59%) საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან ივლიანე წულაია და დირექტორი თენგიზ წულაია „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველები არიან: ივლიანე წულაიამ 2016-2017 წლებში მმართველ გუნდს 110 000 ლარი, თენგიზ წულაიამ კი 2016 წელს 50 000 ლარი შესწირეს.
მაია მიმინოშვილის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული კიდევ ორი გარემოება - გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის რძალმა, ქეთევან მიქელაიშვილმა (რომელიც, ასევე, მასთან ერთად ცხოვრობს) 2016 წლის 12 დეკემბერს თბილისში, მუხიანის დასახლებაში, მშენებარე კორპუსში 60 კვადრატული მეტრის ფართობი შეიძინა. ამასთან, მიქელაიშვილი 2016 წლის 8 დეკემბერს რეგისტრირებული შპს „კთ-ს” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.
მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2009-2012 წლებში მისი რძალი - ქეთევან მიქელაიშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 2014- 2016 წლებში მიმინოშვილის შვილი - ალექსანდრე ყანჩაველი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი იყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, მაია მიმინოშვილის არც რძალი და არც შვილი თანამდებობაზე კონკურსის წესით არ შერჩეულა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” ცენტრის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ყანჩაველს ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორად გამწესებამდე ტრენინგები და გასაუბრება ჩაუტარდა, ხოლო ქეთევან მიქელაიშვილი არასაშტატო თანამდებობაზე მუშაობდა.
მაია მიმინოშვილი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირად ითვლება. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოუწოდა საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაცია. ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გამოიძიოს საჯარო სამსახურში თანამდებობრივი შეუთავსებლობის სავარაუდო ფაქტები, რომლებიც ეხება მაია მიმინოშვილის შვილის ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორად და ქეთევან მიქელაიშვილის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანაშემწედ მუშაობას.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27