საზოგადოება
,,ბავშვთა სამყაროს’’ შენობის დემონტაჟი მოხდება შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ - სოფიო დეკანოზიშვილი
სამხარაულის ექსპერტიზიდან დღეს გვექნება საბოლოო დასკვნა, შენობის დემონტაჟი უნდა მოხდეს თუ რეკონსტრუქცია, – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ იურისტმა, სოფიო დეკანოზიშვილმა.
იურისტის ინფორმაციით, შესაძლოა, შენობის დემონტაჟი დღეს დაიწყოს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელოდებიან.
„შენობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოვიდნენ სპეციალისტები და დასკვნას დღეს ველოდებით. შესაძლოა, შენობის დემონტაჟი მოხდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დასკვნის დადების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, არაა შერჩეული არც ის ფირმა, რომელიც დემონტაჟის სამუშაოებს შეასრულებს,“-განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ხმები, თითქოს შენობა დაზღვეული არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ცენტრის ხელმძღვანელობას სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ ეს ხელშეკრულება 2015 წლის აპრილის თვეში დაიდო და ხელმისაწვდომია ყველა აქციონერისთვის, ვინც დაინტერესდება ამ საკითხით, შეუძლია თავად გაეცნოს ყველა დოკუმენტს“, – განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი