საზოგადოება
დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი
ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება.
“წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილ 34 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა გამოვლენილი, პაციენტი გადაყვანილია განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის.
პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადექვატურია, კონტაქტურია, მაგრამ მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც ტარდება კიდევაც“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.
შეგახსენებთ, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.