საზოგადოება
მასობრივი თავშეყრის ადგილების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე მუშაობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ
საკანონმდებლო პროექტის თანახმად, რომელიც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა, მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო. იგეგმება სპეციალური მუხლის დამატება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“.
სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობელი, რომელიც საქმიანობს სავალდებულო დაზღვევის გარეშე, 1000 ლარით დაჯარიმდება მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო.
მასობრივი თავშეყრის ადგილზე კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის გამო მფლობელი დაჯარიმდება ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების მფლობელები დაჯარიმდებიან თითოეული დაუზღვეველი სადგურის რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
100- და მეტადგილიანი სასტუმრო-დასასვენებლი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 5 000 ლარით დაჯარიმებას. განმეორებითი ქმედების შემთხვევაში მფლობელს დაეკისრება სახდელის გაორმაგებული ოდენობა.
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა შემდეგ ობიექტებზე მოქმედებს: - სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური, სასტუმრო.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.