საზოგადოება
თსუ-ში შეიქმნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია, ასევე შემოვიღებთ მისი სახელობის სტიპენდიას - თსუ-ის რექტორი
დღეს ქართველ ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ სიონის ტაძარში გამართულ პანაშვიდზე განაცხადა, ქართველი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის საპატივცემულოდ შეიქმნება მისი სახელობის აუდიტორია.
გარდა ამისა, იგეგმება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდიის დაწესება, რომელიც გადაეცემა ისტორიის ფაკულტეტის გამორჩეულ სტუდენტს.
მეცნიერის პატივსაცემად დაარსდება ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი.
„ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის სახელი დაკავშირებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 70 წლის განმავლობაში. ის იყო უნივერსიტეტის პროფესორი და ბოლომდე იყო ყველაზე აქტიური, ძალიან სწორი და სამართლიანი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა, იყო ასევე ისტორიკოსების მთელი პლეადის აღმზრდელი, აქვს 200-ზე მეტი მონოგრაფია და სამეცნიერო პუბლიკაცია. მარიკა ლორთქიფანიძის ღვაწლი ალბათ შესაბამისად დაფასდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია, ასევე შემოვიღებთ სტიპენდიას, რომელსაც მიიღებს ყველაზე გამორჩეული ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი და ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი დაარსდება“, -თქვა თსუ-ის რექტორმა.
ორშაბათს ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორტქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.