პოლიტიკა
უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ვერ დაიცავს მოქალაქეებს მათ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისგან - ირაკლი აბესაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ ვერ დაიცავს მოქალაქეებს მათ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისგან.
აბესაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონის მიღებით პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.
„საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ აცნობიერებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობას, თუმცა იძულებულნი არიან, შეასრულონ ის პოლიტიკური დავალება, რაც არის მათთვის მიცემული, რომ მოსმენების ტექნიკური საშუალებები შეუნარჩუნონ სუს-ს. ის ძალიან მცირე ცვლილებები, რომლის გათვალისწინების პირობაც მათ გუშინ კომიტეტის სხდომაზე დადეს, არანაირიდ არ ცვლის კანონპროექტის მთლიან არსს, რომ მოსმენებს კვლავ განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კვლავ იქნება მაღალი რისკი ადამაინების პირადი ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის“, - განაცხადა აბესაძემ პლენარული სხდომის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.
ანა მებურიშვილი