Medianews
    GEOENG
    Economy
    2026-03-15 | 12:02

    „თანამშრომელს თითის გაჭრაზეც შეუძლია მოიტანოს ბიულეტენი და აღნიშნული კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება“ – „ზღაპარი“

    „თანამშრომელს თითის გაჭრაზეც შეუძლია მოიტანოს ბიულეტენი და აღნიშნული კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება“ – „ზღაპარი“

    „თანამშრომელს თითის გაჭრაზეც შეუძლია მოიტანოს ბიულეტენი და აღნიშნული კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება“, - ამის შესახებ მაღაზიათა ქსელის „ზღაპარი“, დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო სხდომაზე განაცხადა.

    აღნიშნულით, მან კითხვას უპასუხა, რომელიც საოპერაციო ხარჯებს შეეხებოდა. კერძოდ, შოთა ბერეკაშვილმა „ზღაპარის“ დირექტორს ჰკითხა: საოპერაციო ხარჯებში სად ხედავდა ოპტიმიზაცია საშუალებას და რომელ ნაწილში გაიზარდა ხარჯი ყველაზე მეტად?

    „არ ვიცი, ფინანსურად რამდენად დათვლილია, ეს არის ბიულეტენების თემა. თანამშრომელს ნებისმიერ პატარა თითის გაჭრაზეც შეუძლია მოიტანოს ბიულეტენი და აღნიშნული კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება.

    შეგვიძლია ამის სტატისტიკაც მოგაწოდოთ შემდეგ, თუ თქვენი დაინტერესება იქნება - რამდენი ბიულეტენია, რამდენი იყო ანაზღაურებული აქედან. არ ვამბობ იმას, რომ რეალური ბიულეტენი არ უნდა ანაზღაურდეს კომპანიის მიერ, თუმცა აქ დგას უკვე სანდოობის საკითხი, რამდენად ეკუთვნოდა პიროვნებას ბიულეტენი და რამდენად სწორად არის გამოწერილი. იმიტომ, რომ გვქონია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გაგვისაჩივრებია ბიულეტენებიც.

    სხვა ნაწილში კომუნალურების ხარჯია საკმაოდ მაღალი და ის დანაკარგები, რაც სხვა საოპერაციო ხარჯებშია ასახული. დანაკარგებში ვგულისხმობ არასრულწლოვანების თემას, რომლებიც დღეში რამდენჯერმეც სტუმრობენ მარკეტებს და მიაქვთ, რაც მოესურვებათ“,- აღნიშნა თამარ უდესიანმა.

    ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საცალო ქსელების ოპერატორების (ქსელური მარკეტების) წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

    შეგახსენეთ, რომ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხუთი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც თავდაპირველად კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა, ჯემების, პურ-პროდუქტების, ტკბილეულის მწარმოებლებს მოუსმინეს. ამასთან, კომისიის 25 თებერვლის, რიგით მეოთხე შეხვედრაზე უკვე მოუსმინეს საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს, რომელთა წლიური ბრუნვა შეადგენს 100 მილიონ ლარზე ნაკლებს. რიგით მეხუთე სხდომაზე კი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ.

    რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.