Medianews
    GEOENG
    Society
    2026-03-25 | 07:35

    შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

    შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

    „1917 წლის 25 მარტს (ძველი სტილით 12 მარტს), მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სამღვდელოებამ წაიკითხა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 106 წლიანი დამცირების შემდეგ, რომლის ანალოგიც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ქართულმა საზოგადოებამ ისარგებლა თებერვლის რევოლუციის მიერ მოტანილი ცვლილებებით და მყისიერად აღადგინა უპირველესი საზრუნავი – ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. სწორედ ეს დიდებული აქტი იქცა დასაბამად საქართველოს დამოუკიდებლობის ხანგრძლივ გზაზე, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა არაერთმა თაობამ თუ სახელოვანმა მამულიშვილმა. სწორედ ასეთ მათგანს გამოვეთხოვეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ – უდიდეს ქართველს, თავდადებულ მამულიშვილს, ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ჭეშმარიტ მოწამეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ის იქცა მისი წინამორბედი პატრიარქების უმძიმესი ჯვრის მატარებლად, მათი საქმისა და ღვაწლის ღირსეულ გამგრძელებლად და დამაგვირგვინებლად.

    ავტოკეფალიის აღიარების საქმეს მან 28 უმძიმესი წელი შესწირა. კონსტანტინეპოლი თანახმა იყო, მოენიჭებინა თავიდან, მაგრამ ჩვენი ეკლესია რუდუნებით უფრთხილდებოდა საუკუნეების გრიგალში გამოტარებულ უდიდეს საუნჯეს, მეხუთე საუკუნეში ანტიოქიისგან მიღებულ ავტოკეფალიას და იცავდა ამ მემკვიდრეობას. მხოლოდ რუსეთის ეკლესიას მოუწია 1943 წელს, სტალინის დავალებით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა. და აი, 1990 წლის 4 მარტს ეს უდიდესი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტატინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი. ტომოსი, რომელიც ცნობდა უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და მის ადგილს მსოფლიო ეკლესიათა იერარქიაში. ეს იყო უდიდესი დღე. სიმბოლურია, რომ, როგორც გადმოცემა გვეუბნება, სწორედ 25 მარტი იყო ის დღე, როდესაც 326 წელს ახლად მონათლული მეფე მირიანის ბრძანებით მოკვეთეს საჯვარე ხე, რომლისგან დამზადებული ჯვარი აღმართეს მცხეთაში, იქ, სადაც აიგო ჩვენი უძვირფასესი ტაძარი, სვეტიცხოველი. ასე მოექცა ქართლი, ასე გახდა ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოს სულიერი საყრდენი, რომლის 1700 წლის იუბილესაც წელს აღვნიშნავთ. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.