Society
    2026-03-26 | 12:41

    სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

    სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

    საქართველოს სახალხო დამცველმა ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 მარტს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში, პირველ ინსტანციაში დასრულდა დავა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივების სარჩელი, რომლითაც ბალდის კანიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იყო სადაოდ გამხდარი, საკითხის სპეციფიკიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე კი მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეძლო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა, პირველად, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ დავაში, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა.

    „ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებული საკითხები როგორც ახლანდელი, ასევე, მომავალი თაობების ინტერესების დაცვასა და ადამიანის უფლებების რეალიზაციას პირდაპირ უკავშირდება. ამდენად, სასამართლოს მეგობრის წარდგენის მიზანია დაცული ტერიტორიების როლისა და მნიშვნელობის, საერთაშორისო მიდგომების, პრინციპებისა და გარანტიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

    დოკუმენტში გაანალიზებული თანამედროვე მიდგომები ცხადყოფს, რომ დაცულ ტერიტორიებს გაზრდილი მნიშვნელობა აქვთ არაერთი მიმართულებით. მათ შორის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევისა და ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და უწყებების ანგარიშვალდებულება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ხედვებისა და კარგი მმართველობის პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ადგილობრივი გარემოებების, ტრადიციების, ცოდნის სისტემების გათვალისწინება შეუძლებელია ინკლუზიური დიალოგისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე. მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები კი ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სრულად