Society
    2026-03-26 | 17:39

    პრესსამსახურმა თამარ ბაგრატიონის სიტყვაში „ადამიანური ხარვეზით“ „გამოტოვებული“ ტექსტი ჩაამატა

    პრესსამსახურმა თამარ ბაგრატიონის სიტყვაში „ადამიანური ხარვეზით“ „გამოტოვებული“ ტექსტი ჩაამატა

    საქრთველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებული სამიტის სამუშაო სესიაზე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლის ტექსტის განსხვავებული ვერსია გაავრცელა. 

    მედიისთვის გაგზავნილ პრესრელიზის ტექსტში არის წინადადება - „ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი [თამარ მეფის] სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა“, - რომელიც თამარ ბაგრატიონს ვაშინგტონის სამიტზე გამოსვლისას არ წაუკითხავს.

    სამიტის ვიდეოჩანაწერი თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.

    რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰკითხა: თავდაპირველად შეთანხმებული სიტყვა შეიცვალა, თუ რა მიზეზით განსხვავდებოდა მისი ინგლისურენოვანი გამოსვლის ტექსტი პრესცენტრის მიერ გავრცელებული თარგმანისგან?

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გაავრცელეს წინასწარ მომზადებული სიტყვა და არა უშუალოდ გამოსვლის ტექსტის თარგმანი.

    „საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა მის მიერ გამზადებული „სფიჩი“. სამწუხაროდ, სიტყვის წარმოთქმის დროს, მოხდა მცირე ადამიანური ხარვეზი, რამაც გამოიწვია პირველი ლედის „სფიჩიდან“ ერთი წინადადების გამოტოვება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მედიაში მათ შორის გასულიყო სიტყვის ის ნაწილიც, რომელიც ადამიანური ფაქტორის გამო სიტყვის წარმოთქმის დროს გამოტოვებულ იქნა“, - ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

    გუშინ, 24 მარტს თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებულ სამიტის („ერთად უკეთესი მომავლისთვის“) სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

    „დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას“, - თქვა მან.

    ბაგრატიონის გამოსვლის ფრაგმენტი, სადაც ინგლისურად საუბრის დროს ეტყობოდა მღელვარება, სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო.

    წყარო