სამწუხაროა, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი დაკნინებაა - მარიამ ლაშხი
სამწუხაროა, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს და როდესაც სცენას პოლიტიკურ სარბიელად აქცევ, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა , - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
“ზოგადად, მინდოდა მეთქვა, რომ დღეს სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო ძირითად შემთხვევებში გარკვეულ პროცესებთან გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან. ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშაა, არამედ მსოფლიოში ვხედავთ. სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში პოლიტიკურ სარბიელად აქციეს. როდესაც სცენას პოლიტიკურ სარბიელად აქცევ, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა.
ქართულ თეატრს გემოვნების ჩამოყალიბებაში რამხელა მნიშვნელობა აქვს და რამხელა როლის აქვს შეტანილი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ესთეტიკა, რაც ხელოვნებას ახასიათებს, დავიცვათ და სცენა და თუნდაც ტელეპროდუქტი ინსტრუმენტად არ იყოს ქცეული. იმედი მაქვს, ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება.
ასევე, ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა, თქვენ რომან პოლანსკი ახსენეთ - ფრანგული კულტურის სახე, რომელსაც ოსკარის ლაურეატობასთან ერთად, არა ერთი კულტურული მემკვიდრეობის დატოვების უდიდესი როლი და წვლილი აქვს, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად, კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია. ჩვენ გვახსოვს, რომ ის პარიზში დააკავეს არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში რაიმე ცენზურა დაუწესეს, არამედ მას კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა დარღვეული. აქაც მნიშვნელოვანია, რომ ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში ძალიან ღირსეულად და კარგად იყოს დაცული.
იმედი მაქვს, რომ სახელოვნებო განათლების განვითარების ისტორიას, რაც ჩვენმა ძალიან მნიშვნელოვანმა, დიდმა მოღვაწეებმა მოიტანა, ღირსეულად გავაგრძელებთ და კიდევ უკეთეს ეპოქას შევქმნით. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.