Commentary
    2026-04-02 | 11:40

    თბილისის უფასო სასადილოების საქმე ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის - თაზო დათუნაშვილი

    თბილისის უფასო სასადილოების საქმე ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის - თაზო დათუნაშვილი

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის.

    ამის შესახებ დათუნაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    მისი თქმით, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლას საზოგადოება მანამდე არ დაიჯერებს, სანამ „ეს ბრძოლა კახა კალაძეს არ შეეხება“.

    „თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში, 100%-ით დადასტურებულად, აუცილებლად მიდის კახა კალაძემდე. თუ ამჯერადაც, ისევე როგორც ეს ბაღების საკითხში იყო, გვერდს აუვლიან კახა კალაძეს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უბრალოდ, „კლანური“ დაპირისპირება გრძელდება და ერთი „კლანის“ კადრების წმენდა მიმდინარეობს მეორე „კლანის“ მიერ.

    შეუძლებელია ბაგა-ბაღების, სხვადასხვა ტენდერების შემდეგ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდეს, რომელიც ეხება თბილისის მერიას, რომელიც თავიდან ბოლომდე თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა და ისევ კახა კალაძე გამოძვრეს აქედან მშრალი.

    ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგორც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და ამ დანაშაულში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

    სუს-ის ინფორმაციით, 2023-2026 წლებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა.

    უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, შპს „გიდსთან“, შპს „ბადესთან“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024, 2025 და 2026 წლებში ყოველდღიურად 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ნაკისრ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდა.

    გამოძიების ვერსიით, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან მათ თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას — 3 529 000 ლარს.