Politics
    2026-04-09 | 05:28

    ათწლეულებს გადმოსწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის, განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან - შალვა პაპუაშვილი

    ათწლეულებს გადმოსწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის, განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან - შალვა პაპუაშვილი

    ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით.

    „9 აპრილის ხსენებისას, უპირველესად, ვიხსენებთ 1989 წელს. ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს, რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა. თუმცა ტრაგედიას ძალიან მალე, სულ ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.

    უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35-წლიანი მონაგარი.

    ათწლეულებს გადმოსწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან.

    ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“.

    დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, ვინაიდან, არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ – წერს პაპუაშვილი.