Justice
    2026-04-16 | 06:09

    საქართველოს უზენაესი სასამართლო რეტორან „ურმულის“ საქმეზე საკასაციო საჩივრების დასაშვებობას განიხილავს

    საქართველოს უზენაესი სასამართლო რეტორან „ურმულის“ საქმეზე საკასაციო საჩივრების დასაშვებობას განიხილავს

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მომდევნო 3 თვის განმავლობაში გადაწყვეტს, დასაშვებად ცნობს თუ არა, ერთის მხრივ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საკასაციო საჩივარს, მეორეს მხრივ არსენ კუტალაძის ოჯახის წინააღმდეგ, ძმის - მერაბ კუტალაძის საკასაციო საჩივარს, რომელიც რესტორან „ურმულის“ მფლობელობას, კომპანიებს შორის მომსახურების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხებს შეეხება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

    საქართველოს უზენაესს სასამართლოში ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი ნაწილობრივ, ხოლო მერაბ კუტალაძე სრული მოცულობით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    კერძოდ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რესტორანი „ურმულის“ 50%-იანი წილი პირვანდელი მფლობელის ოჯახს დაუბრუნდა. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება რესტორნის წილის გასხვისების თაობაზე და გარდაცვლილი ბიზნესმენის, არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძე ცნობილი იქნა რესტორანი „ურმულის“ მმართველი კომპანიის „A.M.D”-ს 50%-იანი წილის მფლობელად და მესაკუთრედ. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორ დავით ქათამაძის შპს „რადამოტორს“, რომელიც მძიმე ტექნიკის სფეროში საქმიანობს, შპს მარინე წამალაიძის შპს „LTD NAN”-ის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების თანხის - 29,423.27 ლარის გადახდა. რაც შეეხება არსენ კუტალაძის სახსრებით შეძენილ საცხოვრებელ სახლს მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობას ანიჭებდა სახლის შეძენის შემდეგ მშენებლობის პროცესს, რომელიც მერაბ კუტალაძის მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებად შეფასდა.

    მარინე წამალაიძე საქართველოს უზენაესს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით მოითხოვს შპს „A.M.D"-ს დარჩენილი 50%-იანი წილის გასხვისების შესახებ გარიგების ბათილად ცნობას და მასზე მესაკუთრედ ცნობას, ისევე, როგორც მოთხოვნილია მარინე წამალაიძის, ნიკოლოზ კუტალაძის, ანდრია კუტალაძისა და ნინო კუტალაძის მესაკუთრედ ცნობა და 2016 წლის 29 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეცვლას და მარინე წამალაიძის, ნიკოლოზ კუტალაძის, ანდრია კუტალაძისა და ნინო კუტალაძის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს მერაბ კუტალაძე და მისი ვაჟი - გიორგი კუტალაძე, რომელიც ამჟამად საცხოვრებელი სახლის ფიქტიური მესაკუთრეა.

    არსენ კუტალაძის ოჯახი, უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შპს „AMD"-ს 50%-იანი წილის მარინე წამალაიძის მიმართ მიკუთვნების ფაქტს, ხოლო დარჩენილ სადავო 50%-იან წილზე მარინე წამალაიძის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა ეფუძნება გარიგების თვალთმაქცურ და მოჩვენებით, კანონსაწინააღმდეგო და ამორალური საფუძვლების არსებობას. შესაბამისად, ამ ნაწილში, სასამართლომ არ შეაფასა საკითხის მთლიანი მოცემულობა და მოწინააღმდეგე მხარეს - მერაბ კუტალაძეს მიაკუთვნა ის წილი, რომელიც მას არსენ კუტალაძის სიცოცხლეში, მისი ნამდვილი ნების პირობებში, არ გადასცემია. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა შეცდომა, როდესაც საცხოვრებელი სახლის კუთვნილების გარკვევის ნაწილშიც არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, ვინაიდან არსებობდა მოთხოვნილ ქონებაზე იგივე სამართლებრივი რეჟიმის გავრცელების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა, რაც შპს „AMD"-ს 50%-იანი წილის მარინე წამალაიძის მიმართ მიკუთვნების დროს.

    საქმის მასალებით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, დაზუსტებული ფართობით: 577 კვ.მ. შეძენილია მარინე წამალაიძისა და არსენ კუტალაძის ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობის დროს, ორი საერთო შვილის ყოლის პირობებში. შესაბამისად, მხარე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც, საკასაციო სასამართლომ უდავოდ უნდა ჩათვალოს, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას.

    უდავოდ დგინდება, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს, არსენ კუტალაძის მიერ ამ ნაკვეთზე შეთანხმდა და დამტკიცდა ერთბინიანი სახლის არქიტექტურული პროექტი, 2015 წლის 2 ნოემბერს, არსენ კუტალაძემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარადგინა განცხადება ახალი მშენებლობის ნებართვის მისაღებად, 2015 წლის 7 დეკემბერს, არსენ კუტალაძემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მიიღო ახალი მშენებლობის ნებართვა. დასახელებული სამი სიკეთე - 2013 წლის 19 აგვისტოს, 2015 წლის 2 ნოემბრისა და 2015 წლის 7 დეკემბრის სამართლებრივი შედეგები კი ექცევა მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების ფარგლებში.

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). ამ შემთხვევაში, შეძენილი მიწის ნაკვეთზე მოხდა გადაგეგმარება, და სსკ-ის 1158-ე მუხლში კანონისმიერი ჩანაწერი: "და სხვა", თავისი გამოხატულებით, უდავოდ წარმოადგენს ქონების ღირებულების გაზრდისა და სამართლებრივი სიკეთის გადიდების ფაქტს, რადგანაც სახეზე გახლდათ მეუღლეთა თანასაკუთრებაში მიწის ნაკვეთი მშენებლობის ნებართვით. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის - 577 კვ.მ ფართის შეძენის დროს, უდავოდ დგინდება, რომ მარინე წამალაიძე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს და ამ საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთის შეძენის მომენტიდან უძრავ ნივთზე დაიწყო და გავრცელდა მეუღლეთა თანასაკუთრება, ხოლო როდესაც უძრავ ნივთზე მოხდა ქოენებრივი უფლების გაზრდა, სამართლებრივი სიკეთის დამაგრება და შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ამ სიკეთეების ფონზე საბაზრო ღირებულების მატებაც, ყოველივე ეს განხორციელებულია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში.

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება დაეთმო მხოლოდ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საორგანიზაციო მხარეს და მასში ჩართულ პირებს. შესაბამისად, მხარის კანონიერი მოთხოვნის პირობებში, არაფერ შუაშია სახლის მშენებლობის საკითხი და ამ პროცესის შეფასება, ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებების გაზიარება იმის დასადგენად, ვინ ვის გადაუხადა ფული, რაც სამართლებრივ აქტუალობას კარგავს. იურიდიულ შეფასებას ესმა ონიანის ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობით: 577 კვ.მ-ზე არსებული გარიგება მოითხოვს და საკასაციო სასამართლომ უნდა შენიშნოს, რომ გარიგება განხორცელებულია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც საცხოვრებელი სახლი არ იყო აშენებული. შესაბამისად, მარინე წამალაიძის ინტერესი, ამ შემთხვევაში, გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში, იმ მოცულობითაა წარმოდგენილი, რაც პირდაპირ უკავშირდება განკარგულ მიწის ნაკევთს - 577 კვ.მ ფართს.

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეს ახალი მტკიცებულების სახით უკვე დაურთო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტაცია: ა) უძრავი ქონების შეძენის უფლებადამდგენი დოკუმენტები და ბ) უძრავი ქონების ფარგლებში არსებული იპოთეკის ყველა ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ როგორც სარესტორნო ბიზნესის, ასევე საცხოვრებელი სახლის შემძენი არსენ კუტალაძეა. წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებები ადასტურებს, რომ რესტორან „ურმულის“ შეძენა, შემდგომი განვითარება და ბიზნესის ფინანსური მხარდაჭრა უზრუნველყო მხოლოდ არსენ კუტალაძემ. ამასთან, სასამართლოს დოკუმენტურის ინფორმაცია მიეწოდა, რომელიც ცხადყოფს სარესტორნო ბიზნესსა და საცხოვრებელი სახლზე ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებას (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა).

    მერაბ კუტალაძის ოჯახი სასარჩელო მოთხოვნებს არ ცნობს და არსენ კუტალაძის ნების ნამდვილობაზე მიუთითებს, თუმცა არც მერაბ კუტალაძე და არც გიორგი კუტალაძე, სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე განმარტებების მისაცემად, არ ერთ ინსტანციაში, არ გამოცხადებულან. პროცესუალური მოწინააღმდეგეს არ გააჩნია განმარტება, თუ სხვა რა მოსაზრებით შეეძლო არსენ კუტალაძეს დაეთმო სარესტორნო ბიზნესი ძმისსთვის და მშენებარე საცხოვრებელი სახლი ან ნაკევთი იმჟამად არასრულწლოვანი ძმისშვილისთვის, როდესაც ძვირადღირებული ქონების დათმობის არც ბიზნეს-წინადადება და არც სხვაგვარი შეთანხმება არ არსებულა.

    ცნობისთვის: 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. ბიზნესმენის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. სინამდვილეში, აქტიური კვლევის, გამოკვეთილი სარწმუნო გარემოებების, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ახსნა-განმარტებებით, დადგენილი უდავო გარემოებების ერთობლიობით ცხადი ხდება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც შესრულებული იქნა ყველაზე მძიმე და სათაკილო საფუძვლების შექმნით - ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილით. თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ არსენ კუტალაძე ზედოზირებით დაიღუპა, ამას ყველა საუბრობდა მაშინ, როცა დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, იმისთვის, რომ მომხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების უძრაობის გამოწვევა, არ მომხდარიყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და მორალური ხასიათის წნეხი განხორციელებილიყო მომჩივანის წინაშე, არსენ კუტალაძის ბიზნეს-წილებისა და საკუთრებაში არსებული ქონებების დატაცების შემდეგ, დაიწყო არსენ კუტალაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.

    ცნობისთვის: საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეს მოსამართლე ლევან ნემსაძე განიხილავს, რომელიც საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრიდან შეუერთდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმე გია ბერაიამ (თავმჯდომარე), მერაბ ლომიძემ და ლაშა თავართქილაძემ განიხილეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა. არასრულწლოვანთა ინტერესები წარმოადგინა სასამართლოს მიერ დანიშნულმა საზოგადოებრივმა ადვოკატმა აკაკი ლომსაძემ. არსენ კუტალაძის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც საქმეზე სამართალწარმოებას 2022 წლის ივნისიდან ახორციელებს, ხოლო მერაბ კუტალაძის, გიორგი კულატალაძისა და შპს „რადამოტორსის“ ინტერესებს თამარ გედევანიშვილი იცავს.