დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა –ზაქრო გვიშიანი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების წარმომადგენლის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრა „იმედისმომცემი“ იყო და მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
მისი თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მედიკამენტებთან და მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის მიზეზები, რის გამოც მთავრობის ადმინისტრაციის წინ უწყვეტი საპროტესტო აქციის გამართვა გახდა საჭირო.
„ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგან პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები დაისვა. ვხედავთ მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და უახლოეს დღეებში კვლავ შევხვდებით, რათა ცალკეული საკითხები განვიხილოთ“, – განაცხადა გვიშიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მშობლებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათი პროტესტი პოლიტიკურად მართული არ არის და ერთადერთი მოთხოვნა ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
„საზოგადოების მხრიდან გამოხატული სოლიდარობა არავის მიერ არ არის მართული და დაკავშირებულია იმ საჭიროებებთან, რაც ბავშვებს აქვთ. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია ფარმაცევტულ კომპანიებთან და უსაფუძვლო იყო ბრალდებები, თითქოს რომელიმე ფარმაცევტული ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენდნენ მშობლები ან ორგანიზაციები“, – აღნიშნა მან.
ზაქრო გვიშიანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ოთხივე მედიკამენტს, მათ ეფექტიანობასა და იმ გზებს, რომლითაც სახელმწიფომ შესაძლოა მოლაპარაკებები აწარმოოს მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი აქცენტი მედიკამენტების ეფექტიანობაზე გაკეთდა და არა უსაფრთხოების საკითხებზე.
„საუბარი უფრო იყო იმაზე, რომ ეს მედიკამენტები ეფექტურია და მათი გამოყენებისთვის აუცილებელი არ არის, ყველა შემთხვევაში ყველაზე მკაცრი რეგულატორის აღიარება. განვიხილეთ სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისი ინფორმაცია გავცვალეთ“, – განაცხადა გვიშიანმა.
მისივე განმარტებით, კონკრეტულ მედიკამენტზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა დაიწყო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის გაგრძელებას და შესაძლო გადაწყვეტილებების მოძიებას.
„დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მაგრამ პროცესი დაიწყო. თითოეული მშობელი და ორგანიზაცია მივესალმებით ამ პროცესს. ბოლომდე მოგვისმინეს. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა კომუნიკაციაა და ეს კომუნიკაცია უკვე შედგა. დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს იყო მართლაც იმედისმომცემი შეხვედრა“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.