მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
„აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეცტექნიკა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.