რუსეთი მარცხდება მთელს რეგიონში და მალე დამარცხდება საქართველოშიც „ქართული ოცნების“ სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნით - გრიგოლ გეგელია
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სომხეთში მიღწეული შედეგი ეროვნული ინტერესების გამარჯვებაა და აჩვენებს, რომ დემოკრატიული პროცესები, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების დაცვა რეალურ შედეგებს იძლევა.
როგორც გეგელიამ განაცხადა, რუსეთი მარცხდება რეგიონში და ეს ტენდენცია, მისი შეფასებით, საქართველოშიც გაგრძელდება.
„მინდა მივულოცო ნიკოლ ფაშინიანს და სრულიად სომეხ ერს ეროვნული ინტერესის დამაჯერებელი გამარჯვება. რუსეთი დამარცხდა რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში და ახლა უკვე სომხეთშიც. რუსეთი მარცხდება მთელს რეგიონში და მალე დამარცხდება საქართველოშიც „ქართული ოცნების“ სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნით“, — განაცხადა გეგელიამ.
მისი თქმით, სომხეთის მაგალითი ადასტურებს, რომ ხალხის ნებაზე, ეროვნული ინტერესების გარშემო კონსოლიდაციასა და დემოკრატიულ პროცესებზე ძლიერი ვერანაირი გარე ძალა, პროპაგანდა ან პოლიტიკური სისტემა ვერ აღმოჩნდება.
გეგელიამ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
მისი შეფასებით, სომხეთმა შეძლო მაღალი დონის საერთაშორისო პარტნიორების, ინვესტიციებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მოზიდვა, მაშინ როდესაც საქართველომ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, დაკარგა რეგიონული ლიდერის პოზიციები.
„ერევანი გახდა რეგიონის პოლიტიკური ცენტრი, ხოლო თბილისი — მაჩანჩალა და პერიფერია. სომხეთმა უმასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის ლიდერებს, მაშინ როდესაც თბილისი მასპინძლობს გავრილოვს და პოზნერს“, — განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, სომხეთი აქტიურად იზიდავს მაღალი ხარისხის ინვესტიციებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, მისი შეფასებით, ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტრატეგიული პროექტების განვითარებას.
გეგელიამ აღნიშნა, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა „პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მოდელი“ და მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის გაერთიანდნენ.
„ამაყი ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს და შეუერთდეს უნგრელებს, სომხებს, მოლდოველებს და რუმინელებს ეროვნული ინტერესების ამ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაში და კაცობრიობის პროგრესული მონაპოვრის დასაცავად“, — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.