Politics
    2026-06-08 | 10:51

    ენჯეოსისტემა გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობისთვის, საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ვინც ბრალდებულია, ისინი „ენჯეოებს“ იყენებდნენ - შალვა პაპუაშვილი

    ენჯეოსისტემა გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობისთვის, საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ვინც ბრალდებულია, ისინი „ენჯეოებს“ იყენებდნენ - შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ვინც ბრალდებულია, ისინი „ენჯეოებს“ იყენებდნენ, რათა მოეხდინათ დაფინანსების ლეგალიზება – ვითომ ხდებოდა ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება, სინამდვილეში ხდებოდა საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

    „ბოლო პერიოდში ნახეთ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მომუშავე ადამიანთა დაკავებები. ითქვა, რომ მათ შორის იყო ევროპული ქვეყანაც. ნახეთ, რომ ეს ადამიანები მუშაობდნენ, მათ შორის, არასამთავრობოების მეშვეობით. ამ ადამიანებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდათ რეგისტრირებული. ჩვენ გადავამოწმეთ და ამ ორგანიზაციებიდან არცერთი არ არის რეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში და თავიანთ თანხებს არ ასაჯაროებდნენ. ვამბობდით, რომ ენჯეოსისტემა გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობისთვის. საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ვინც ბრალდებულია, ისინი „ენჯეოებს“ იყენებდნენ, რათა მოეხდინათ დაფინანსების ლეგალიზება – ვითომ ხდებოდა ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება, სინამდვილეში ხდებოდა საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება. ის, რომ ამ „ენჯეოებიდან“ არცერთი არაა რეგისტრირებული, აჩვენებს, რა სახის „ენჯეოები“ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგ. სწორედ ჯაშუშური „ენჯეოები“ ამბობდნენ უარს რეგისტრაციაზე. ეს ადასტურებს, რამდენად სწორი იყო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს ბრალდება არ არის, ფაქტია. ოფიციალური ბრალია ჯაშუშურ საქმიანობაზე, რომელიც „ენჯეოების“  ხელმძღვანელებს უკავშირდება. „ენჯეოები“ ჯაშუშური საქმიანობისთვის იყვნენ გამოყენებული. საჯაროდ არ ვიცით, რომ ევროკავშირი აფინანსებდა „დროას“, „მონა.ჯი-ს“? ფაშისტური გვერდი ევროკავშირის მოქალაქეების ფულით შეიქმნა. ევროკავშირი ფაშიზმისა და ნაციზმის დამარცხების ნანგრევებზე წარმოიშვა, როგორც მშვიდობის პროექტი, აღმოჩნდა, რომ მისი ფული საქართველოში იხარჯებოდა ფაშისტური ვებგვერდის შესაქმნელად და მის გასავრცელებლად. ვხედავდით, რომ ევროპული ფულით ძალადობა ფინანსდებოდა. ეს, „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიის დაფინანსება საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა თუ არ არის, მაშინ ვიღაცას მტრობა და მოყვრობა ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.