Politics
    2026-06-08 | 12:50

    პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა - გია ვოლსკი

    პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა - გია ვოლსკი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრიმიტიული შეფასებაა მოსაზრება, თითქოს სომხეთი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, ხოლო საქართველო – არა.

    როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირს სომხეთისა და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და რიგ საკვანძო საკითხებში საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოზიცია „საკმაოდ ნეგატიურია“.

    მისივე თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირების კუთხით, „საზარბაზნე ხორცის როლი“ არის განკუთვნილი.

    „ჩვენი პოლიტიკის განსხვავება არის ერთადერთი, როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს გაცილებით უფრო ნათელი გახდა ბოლო პერიოდში. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს მსგავსი გააჩნია. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, საქართველო სომხეთს წარმატებას უსურვებს და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება მუდმივად მიმდინარეობს.

    „ევროკავშირისკენ სწრაფვა მსგავსი გვაქვს ყველა მიმართულებით, თუმცა ბრიუსელს გააჩნია გარკვეული ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.