ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება - ევროკომისიის პრესსპიკერი
ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტი განცხადებით, 11 ივნისს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხზე პირველი შეხვედრა გაიმართება.
როგორც ლამერტმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროკომისიამ 2026 წლის მარტში თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს, მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მისივე განმარტებით, როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, ევროკომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც „გაძლიერებულ დიალოგს“ უწოდებს. ლამერტის თქმით, ამ პროცესის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია.
„ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. სწორედ ამას შეეხება აღნიშნული შეხვედრა“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
ლამერტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას.
„ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასების, ბრიფინგის ან ინფორმაციის საჯაროდ მიწოდების სხვა ფორმატი, ლამერტმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება.
„არა. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში. შეხვედრის შემდეგ მკითხეთ და თუ შესაძლებელი იქნება, ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.