Society
    2026-06-19 | 09:00

    თბილისში მარჩელო მასტროიანისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „მარჩელო“ გაიხსნა

    თბილისში მარჩელო მასტროიანისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „მარჩელო“ გაიხსნა

    თბილისში, იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენა „მარჩელო“ გაიხსნა, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას, მარჩელო მასტროიანის ეძღვნება.

    იტალიის საელჩოს ინფორმაციით, გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე კვირეულის ნაწილია და მისი მიზანი იტალიური კინემატოგრაფისა და კინოინდუსტრიის პოპულარიზაციაა.

    ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით მოწყობილი ექსპოზიცია ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის, 60-ზე მეტ შავ-თეთრ ფოტოს აერთიანებს, რომლებიც 1988 წელს, მარჩელო მასტროიანის საქართველოში სტუმრობისას არის გადაღებული. გამოფენის კურატორი ლიკა მამაცაშვილია.

    ექსპოზიცია ასახავს ლეგენდარული მსახიობის შეხვედრებს იმდროინდელი ქართული კინემატოგრაფის ცნობილ წარმომადგენლებთან, მათ შორის ელდარ შენგელაიასთან, სერგო ფარაჯანოვთან, ირაკლი კვირიკაძესა და სხვა კულტურის მოღვაწეებთან, და ყურადღებას ამახვილებს იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებზე.

    გამოფენა იტალიის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა. მისი განცხადებით, „იტალიასა და საქართველოს შორის არსებული კულტურული ურთიერთობა ხანგრძლივ და მდიდარ ორმხრივ კავშირებსა და ურთიერთსიმპათიას ეფუძნება და ნამდვილ კულტურულ ხიდს წარმოადგენს ჩვენს ხალხებს შორის, რომლებსაც უამრავი საზიარო ფასეულობა აერთიანებს“.

    ფოტოგამოფენა დამთვალიერებლებისთვის 19-30 ივნისის პერიოდში, თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იქნება ხელმისაწვდომი.

    ამასთან, იტალიის საელჩოს ცნობით, 25 ივნისს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთის კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 9 აპრილის ბაღში გაიმართება კრისტოფ ონორეს ფილმის „ჩემი მარჩელო“ ჩვენება. კინოჩვენება 20:30 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობენ კიარა მასტროიანი, კატრინ დენევი, სტეფანია სანდრელი და სხვა მსახიობები.

    Related Articles
    Announcement - June 19
    2026-06-19 | 04:34
    Announcement - June 19

    Daily Calendar - June 19
    2026-06-19 | 04:24
    Daily Calendar - June 19

    Announcement - June 18
    2026-06-18 | 04:41
    Announcement - June 18

    Daily Calendar - June 18
    2026-06-18 | 04:32
    Daily Calendar - June 18