პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას - ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი - ლევან ხაბეიშვილი
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხებეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზაგასაყარზეა. ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, თამარის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობაზე, დაყოფაზე… ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას - ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი.
1. საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ)
2. საქართველოში, ხალხის მთავარი გამაერთიანებელი, ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა, ღმერთი. უფლის სიყვარული ქრისტესმიერი სათნოებაა, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულს.
3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას,რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით, ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ . უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზომიერების გარეშე შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე.
4. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას.
5. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილოანობა. ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი.
როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალის და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახს. ამის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი.
და +1 პუნქტი - საქართველო ივანიშვილის გარეშე!!! ამ პუნქტის შესრულების გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია არ უნდა დავუშვათ!
კომენტარებში დაწერეთ თქვენი პოზიციები და ასევე, ფოსტით გამომიგზავნეთ წერილი ქ. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება - ლევან ხაბეიშვილი“.