სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში, მისი დატყვევებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა. ამასთანავე, როგორც სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს „სამხრეთ ოსეთის“ ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს.
საია-მ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ქართველი სამხედრო პირების - გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის საქმე მოიგო.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.
„დღეს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად მოიპოვა უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში, კერძოდ, დღეს გამოვიდა ორი გადაწყვეტილება ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის საქმეზე. საია-მ აღნიშნული გადაწყვეტილებები და საქმეები მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა 2008 წლის ომის კონტექსტში. გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად, ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395 000 ევროს ოდენობით“, - განაცხადა თამარ ონიანმა.
მისი თქმით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელია აქტიურად იცავს სტრასბურგის სასამართლოში და მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას. საია-მ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ ის მთავარი განსხვავება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ 2021 წელს სახელმწიფოთა შორის დავაში მიღებული გადაწყვეტილებისგან. ეს არის პირველი საქმე, სადაც სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით დადგინდა ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. ამასთანავე, სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ არამხოლოდ გამოძიების არაეფექტიანობა შეერაცხება რუსეთის ფედერაციას, არამედ სიცოცხლის უფლების დარღვევა და წამების აკრძალვის პირდაპირ დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში, მისი დატყვევებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა. ამასთანავე, როგორც სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს „სამხრეთ ოსეთის“ ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს“, - განაცხადა თამარ ონიანმა.