Justice
    2026-06-24 | 10:40

    4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

    4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

    4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

    ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

    მისი განაჩენით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი მარიამ მეყანწიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის სასამართლოს ეზოში იმყოფება.

    აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, მათ ბრალი აღიარეს და 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

    რაც შეეხებათ, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს, მათ ბრალი არ აღიარეს.

    მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განმარტება გააკეთა. მოსამართლის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებებს მისი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეაფასებს.

    "ჩემს გადაწყვეტილებაში ყურადღება ვიდეოჩანაწერებზე იქნება გამახვილებული. აღბეჭდილ კადრებს უფრო ნეიტრალური და სანდო მტკიცებულების სახე აქვს"... - განაცხადა მჭედლიშვილმა.

    ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

    ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

    წყარო