Commentary
    2026-07-15 | 12:28

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღია - შალვა პაპუაშვილი

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღია - შალვა პაპუაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირებმა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს.

    პაპუაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს „კოორდინირებულ დეზინფორმაციას“, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისა და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ არის მიმართული.

    „ვინც დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აფინანსებს, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა. როგორც ჩანს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ევროპული ფონდებიდან ჩუმად ფინანსდება, რადგან საჯაროდ არაფერს არ ამბობენ.

    სწორედ ეს არის კოორდინირებული დეზინფორმაცია, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ვრცელდება. ადრე თუ გვიან გაირკვევა, ვინ აფინანსებს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და ვნახავთ, რომ სწორედ ის ქვეყანა და ორგანიზაციაა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, ათობით ათასი საჯარო მოხელის დეკლარაციებიდან ოჯახის წევრებს შორის გადაცემული საჩუქრების შეჯამება და მათი ერთიან რიცხვად წარმოდგენა „მანიპულაცია და ფარსია“.

    „საუბარია დეკლარირებულ საჩუქრებზე. თუკი რაიმე არის არალეგალური შემოსავალი, მაშინ მის დეკლარირებას არავინ მოახდენდა. რაკი დეკლარაციაშია, რანაირად იქნება ის არალეგალური შემოსავალი?! საკუთარ თავს ხომ არ ამხელდა ადამიანი?! ასე რომ, აბსურდია!“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრები შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა ჯამში 24 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო.

    მათ შორის, ფულადი საჩუქრების სახით მიღებულია 11 მილიონი ლარი, უძრავი ქონების სახით – 12 მილიონი ლარი. დეკლარაციებში ასევე მითითებულია საჩუქრად მიღებული ავტომობილები, იარაღი და სამკაული. ორგანიზაციის ცნობით, საჩუქრების 60.78% თანამდებობის პირებმა მშობლებისგან მიიღეს.