Justice
2026-07-17 | 12:09
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მდმა“ და „კოკაინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.