Society
    2026-07-17 | 18:49

    მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა - თბილისის მერია

    მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა - თბილისის მერია

    თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა – სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    მერიის ცნობით, სარეკრეაციო ზონაში არსებულ, გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, სამართალდამრღვევებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განათავსეს 14 დაუსრულებელი მცირე ზომის კაპიტალური და 27 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მავთულბადის ღობეები.

    გარდა ამისა, ტერიტორიის მითვისების მიზნით, სამართალდამრღვევების მხრიდან მიწის ნაკვეთების რკინის კონსტრუქციებით შემოღობვა და სამშენებლოდ მომზადების პროცესი ინტენსიურად გრძელდებოდა.

    გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღემატება. ამ ეტაპზე სამართალდამრღვევების მიერ მსუბუქი კონტრუქციებით და ნაგებობებით თვითნებურად იყო დაკავებული 40 ჰექტრამდე მიწა. აღნიშნული ტერიტორია განაშენიანებული და დასახლებული არ არის.

    როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, მიუხედავად სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა (როგორც ადგილზე, ისე საჯარო მიმართვის ფორმით) და მოწოდებისა, შეეწყვიტათ უკანონო სამუშაოები და თავადვე მოეხდინათ დემონტაჟი, სამართალდამრღვევები არ დაემორჩილნენ სამსახურის კანონიერ მოთხოვნას და პერიოდულად განაგრძობდნენ უკანონო შემოღობვების მოწყობას ტერიტორიის თვითნებურად დაკავების მიზნით.

    თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

    ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. ტერიტორია დასუფთავდა და ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენიც.

    „გავნაგრძობთ ქმედით ღონისძიებებს უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო მიწის მიტაცების აღსაკვეთად. დღეს მასშტაბური ღონისძიება  ჩავატარეთ  გლდანში და გამოვათავისუფლეთ თვითნებურად დაკავებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორია. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

    თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.