ვახო სანაიას საქმეზე პატიმრობის მოთხოვნა სამართალდარღვევითი ქცევის გაგრძელების საფრთხემ განაპირობა - მარიამ კერესელიძე
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოთხოვნა სასამართლოში სამართალდარღვევითი ქცევის გაგრძელების საფრთხის გამო დააყენეს.
მისი თქმით, უწყების შუამდგომლობა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სანაიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც, სამმართველოს შეფასებით, კვლავ შეურაცხმყოფელ გამოხატვას შეიცავდა.
„სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, მან გამოაქვეყნა „პოსტი“, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა“, – განაცხადა კერესელიძემ.
მისივე განმარტებით, სანაიას მიერ გამოქვეყნებული პოსტი არ შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან დისტანცირებად.
„რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან. ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს. აქედან გამომდინარე, მისი ეს ვითომდა დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისგან გამომრიცხავ გარემოებად. გამოხატვის თავისუფლების შეფასებისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ წინადადების ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას, არამედ მის მიზანს, კონტექსტსა და შინაარსს, რაც ჩვენი მოსაზრებით, შეფასდა, როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა და სასამართლომაც ეს შეფასება გაიზიარა“, – აღნიშნა კერესელიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. სასამართლოს სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.