Politics
    2026-07-22 | 18:13

    „თავისუფლების მოედანი“ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტსა თუ მოქალაქეს, რომელიც არ ეგუება რეჟიმის ცენზურას

    „თავისუფლების მოედანი“ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტსა თუ მოქალაქეს, რომელიც არ ეგუება რეჟიმის ცენზურას

    „თავისუფლების მოედანი“ ჟურნალისტ ვახო სანაიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.

    „თავისუფლების მოედანი“ მკაცრად გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ მიღებულ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ჟურნალისტის დაპატიმრება პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა მოჩვენებითი ცივილიზებულობის ნიღაბიც კი და ფაქტია, რომ ამ თავხედური ნაბიჯით ის ბრძოლაში იწვევს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე და ღირსეულ მოქალაქეებს, დაიცვან საკუთარი აზრის უშიშრად გამოხატვის უფლება, რომელიც მათ 9 აპრილიდან მოყოლებული უწყვეტი ბრძოლით მოიპოვეს.

    სასამართლო სრულად არის დაქვემდებარებული „ქართული ოცნების“ ვიწრო პარტიულ ინტერესებს და გამოიყენება არა სამართლიანობის დასაცავად, არამედ მედიის და ზოგადად, კრიტიკისა და თავისუფალი აზრის ჩასახშობად.

    „თავისუფლების მოედანი“ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტსა თუ მოქალაქეს, რომელიც არ ეგუება რეჟიმის ცენზურას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანი, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გამოხატვის თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი.

    ჯერ არცერთ მთავრობას და არცერთ რეჟიმს არ გადაუდგამს ასეთი თავხედური და ურცხვი ნაბიჯი მისთვის არასასურველი აზრის ჩასახშობად, ისე, რომ ამისთვის პასუხი არ ეგო. ასე იქნება ახლაც.

    სიტყვის თავისუფლებას ვერც ჯარიმებით და ვერც პატიმრობით ვერ შეაჩერებთ!

    პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანი“, -  ნათქვამია განცხადებაში.

    ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.