social media
    2026-07-22 | 21:25

    ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურ ურთიერთობაში ჩარევა არის არა მხოლოდ უკანონობა, არამედ პირდაპირი თავდასხმა მართლმსაჯულებაზე - პაატა შავაძე

    ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურ ურთიერთობაში ჩარევა არის არა მხოლოდ უკანონობა, არამედ პირდაპირი თავდასხმა მართლმსაჯულებაზე - პაატა შავაძე

    უფლებადამცველი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს:

    “თუ ეს პრაქტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაა, მაშინ ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მძიმე სიგნალია.

    დღეს ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიმყოფებოდი, როგორც ადვოკატი, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან შესახვედრად.

    რაც იქ ვნახე, ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შოკისმომგვრელი იყო. ჯერ გამომძიებელთან ერთად როცა შევედით ბრალდების დადგენილების გაცნობის მიზნით, კარებ ღიაში , ორი თანამშრომელი თავზე გვადგა და პირწმინდად ისმენდნენ ჩვენს საუბარს.. ამის შემდეგ, როცა მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავრჩით, კარი მოვახურინე და ამის მიუხედავად, ორი " სტრაჟნიკი " კართან იდგა და ასინეთასავით გვისმენდნენ..

    საუბრის განმავლობაში იზოლატორის თანამშრომლები კართან იდგნენ და აშკარად აკონტროლებდნენ, რას ვსაუბრობდით მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი.

    ფაქტობრივად, ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალური კომუნიკაცია მათი თვალთვალისა და მოსმენის პირობებში მიმდინარეობდა.

    ეს არის ადვოკატის პროფესიული საქმიანობის უხეში ხელყოფა, დაცვის უფლების შეზღუდვა და კონფიდენციალურობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა.

    საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ერთმნიშვნელოვნად იცავს ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის საიდუმლოებას... ამ უფლების დარღვევა ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას.

    ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსგავსი დამოკიდებულება მე არ მახსოვს არც წინა ხელისუფლების პირობებში დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ...მაშინაც კი არსებობდა ელემენტარული პატივისცემა ადვოკატის პროფესიისა და დაცვის უფლების მიმართ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ:

    -დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი;

    -დაადგინოს, ვისი მითითებით ხდებოდა ადვოკატისა და კლიენტის საუბრის კონტროლი;

    -უზრუნველყოს, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკა აღარასოდეს განმეორდეს.

    ადვოკატი არავისგან რაიმე სახის შეღავათს არ ითხოვს...ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთს -კანონის დაცვას.

    როდესაც სახელმწიფო თავად არღვევს დაცვის უფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარანტიას, ეს უკვე თითოეული მოქალაქის პრობლემაა და არა მხოლოდ ერთი ადვოკატის.

    ადვოკატისა და კლიენტის საუბარი წმინდაა... მის მოსმენას და კონტროლს სამართლებრივ სახელმწიფოში ადგილი არ აქვს...

    რა გამოდის?

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თვლიან, რომ შეუძლიათ მოისმინონ ადვოკატისა და კლიენტის საუბარი? ვინ მისცათ ამის უფლება? რომელი კანონი აძლევს მათ უფლებამოსილებას, ჩაერიონ დაცვის მხარის საქმიანობაში?

    ეს არის სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის უხეში დარღვევა.

    თუ ადვოკატს აღარ შეუძლია კლიენტთან თავისუფლად, კონფიდენციალურად ისაუბროს, მაშინ აღარ არსებობს არც დაცვის უფლება, არც სამართლიანი სასამართლო და არც სამართლებრივი სახელმწიფო.

    ნაცრეჟიმის დროს არსებობდა ზღვარი, რომლის გადალახვას ვერ ბედავდნენ...დღეს კი, როგორც ჩანს, ზოგიერთს ჰგონია, რომ კანონი მხოლოდ მოქალაქისთვის არის სავალდებულო, თავად კი კანონზე მაღლა დგანან.

    გაფრთხილებთ!

    ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურ ურთიერთობაში ჩარევა არის არა მხოლოდ უკანონობა, არამედ პირდაპირი თავდასხმა მართლმსაჯულებაზე“.

    ამ ფაქტს სამართლებრივ რეაგირებას აუცილებლად მივცემ. ..არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ მივცემ უფლებას, ფეხქვეშ გათელოს ადვოკატის პროფესია, დაცვის უფლება და საქართველოს კონსტიტუცია.

    ვინც დღეს ადვოკატის ხმას უსმენს კართან მიყურადებით, ხვალ უკვე ნებისმიერი მოქალაქის უფლებას გადაუვლის. ..სწორედ ასე იწყება სამართლებრივი სახელმწიფოს ნგრევა“.