Politics
    2026-08-05 | 12:49

    ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელიც მოაწერა რეზოლუციაზე, რომ რუსეთი მართალი იყო და ამ ფონზე ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულა - გია ვოლსკი

    ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელიც მოაწერა რეზოლუციაზე, რომ რუსეთი მართალი იყო და ამ ფონზე ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულა - გია ვოლსკი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი საქართველოს დაზიანება, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესების განვითარებაა.

    ვოლსკის თქმით, ოპოზიცია იმ განცხადებებს აკეთებს, რასაც „სცენარისტი კარნახობს“, თუმცა თავადაც კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის რაიმე სახის ხელშეშლა არ შეუქმნია.

    მისივე შეფასებით, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელშიც, მისი თქმით, „რუსეთი მართალი იყო“, ხოლო პასუხისმგებლობა ქართველ სამხედროებს დაეკისრათ.

    „ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელიც მოაწერა რეზოლუციაზე, რომ რუსეთი მართალი იყო და ამ ფონზე ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულა.

    პრაქტიკულად, ის მიიღეს და შეასრულეს, რაც უკარნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო. იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო. დღეს სხვა ვითარებაა. საქართველოსგან გარკვეული მორჩილება უნდათ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. დღეს შუა დერეფნის თემაც გაცილებით აქტუალურია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისი თქმით, „დაკვეთის შემსრულებელს აგენტი ჰქვია“ და აგენტურულ საქმიანობას სწორედ ის მოქმედებები წარმოადგენს, რასაც ოპოზიცია ახორციელებს.

    ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, თუმცა, მისი შეფასებით, ამის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენია.

    „2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა? ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ოდესმე იმ სტანდარტს დაუპირისპირდა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია?“ – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისი შეფასებით, მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და „უსამშობლოთა კოჰორტა“ ცდილობს, გარე ძალების პოლიტიკას აჰყვეს, მიუხედავად იმისა, რა შედეგი ექნება ამას საქართველოსთვის.

    „ეს ის სურათია, რომელიც წარმოგვიდგა. ამ სურათის გადასაფარად ლიტონ სიტყვებს არახუნებენ, თითქოს საქართველოში რუსეთის პოლიტიკა წარმოებს. ეს ხალხი იმ სცენარს არის აყოლილი, რომელიც იუკნევიჩიანეს, კალასის, კოსის თუ კუბილიუსის მონაწილეობით დაწერეს. მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.