Justice
    2026-09-04 | 16:28

    ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ - თამაზ ელიზბარაშვილი

    ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ - თამაზ ელიზბარაშვილი

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    სასამართლო პროცესზე თამაზ ელიზბარაშვილმა მისთვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც, მისი თქმით, შვიდი პირი მას ბოდიშის მოხდას სთხოვდა მისი სამოქალაქო პოზიციის გამო.

    „რესტორნის ერთ-ერთი კუპედან გამოვიდა შვიდი პირი. ვკითხე, ვინ ხართ-მეთქი. ჩვენ „იმედის“ თანამშრომლები ვართო. ვუპასუხე, კი მაგრამ, არცერთს არ გიცნობთ-მეთქი. შენ ჩვენ ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო.

    რესტორანში, ზემოთ მეუღლე მელოდებოდა და ამაზე ვნერვიულობდი. რომ არ გამიშვეს და დამაგვიანდა, ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა ზევიდან. არ მინდოდა ჩემს მეუღლეს ენახა, როგორ მაფურთხებდნენ, მაგინებდნენ. არ მინდოდა ეს საუბარი მოესმინა ჩემს მეუღლეს.

    ჩემი მეუღლე ავიდა ზევით და რამდენიმე წუთში, რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ ჩამოსვლამდე ამ შვიდიდან ერთ-ერთზე ვამბობდი, რომ გაიყვანეთ-მეთქი. ხელი მომიქნია, მაგრამ არ მომხვედრია, მაგინებდა. ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მე ვუთხარი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია-მეთქი, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში-მეთქი. სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთო. ჩვენი არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო.

    რესტორნის დაცვის ორმა ბიჭმა მოახერხა და ეს აგრესიული ბიჭი კუპეში შეიყვანა.

    არ ვარ სკანდალის მოყვარული და ჩემი შვილების ტოლ ახალგაზრდა კაცთან საჩხუბრად მივიდოდი? ეს იყო სრული სიმართლე, შვილებს გეფიცებით, თუ რამე დავამატე ან მოვაკელი... თუ ჩემი იქ მისვლით შევაშინე შვიდი კაცი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. საჩხუბრად რომ წავსულიყავი, მარტო ხომ არ წავიდოდი?! პროკურატურა ამბობს, შვიდი კაცი გიჩივისო, ისინი ამბობენ, ჩვენ არ გიჩივითო და არ ვიცი, ახლა, ეს რას მივაწერო?! არ ვიცი, რა ხდება, რას მერჩის პროკურატურა.

    ჩემს 11 შვილს კაცობის და ადამიანობის მაგალითს ვასწავლი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი“, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

    ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

    გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულებს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა.

    უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.

    პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.