Justice
    2026-09-08 | 16:11

    ჩნდება საფუძვლიანი კითხვები - ვინ, სად და რატომ მფარველობს ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

    ჩნდება საფუძვლიანი კითხვები - ვინ, სად და რატომ მფარველობს ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

    ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, აჭარაში, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის მილიონიანი საკუთრებისა და ბიზნესი უკანონოდ ჩამოერთვის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და საჯაროდ მოითხოვს პასუხი გაეცეს შეკითხვებს, ვინ მფარველობს ქონების ამჟამინდელ მფლობელს, „ტრანსკავკასიის კრისტალის“ დირექტორ მამუკა სხვიტარიძეს, რატომ არ რეაგირებს სამართალდამცავი უწყებები მამუკა სხვოტარიძის მხრიდან ნიაზ ხალვაშის მიმართ დაშვებულ, ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებულ კანონდარღვევებზე და რატომ არ ჩაითვლება მამუკა სხვიტარიძე ნიაზ ხალვაშისთვის წართმეული ქონების კეთილსინდისიერ შემძენად და მესაკუთრედ.

    „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ნიაზ ხალვაშის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ნიაზ ხალვაშის საკუთრების ხელყოფა და ბიზნესის წართმევა წარმოადგენდა სახელმწიფოს ძალმომრეობითი პოლიტიკის შედეგს და ნიაზ ხალვაშის მიმართ (და მისი ოჯახის წევრების მიმართ) განხორციელებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო აპარატის მონაწილეობით, უკანონო მმართველობითი ღონისძიების გამოყენება, როგორც პიროვნული დასჯის, ასევე ბიზნესის ხელში ჩაგდებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეფერხების მიზნით. დგინდება, რომ ნიაზ ხალვაშის ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ნატურით გადადის ს.ს. თიბისი ბანკის საკუთრებაში (24 დეკემბერი, 2010 წელი). დგინდება, რომ ამ ფაქტიდან, დაახლოებით 4 თვეში, ნიაზ ხალვაშის ქონების დასაკუთრების ინტერესს გამოთქვამს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე და მისი კომპანია - ჯერ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“, შემდეგ ასევე შპს „ბაზალტ ტრანსი“ და შპს „ტრანსკავკასიის ენერჯი“, ხოლო უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება გადადის შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მფლობელობაში (28 სექტემბერი, 2011 წელი).

    ნიაზ ხალვაშმა აღნიშნულ საკუთრებაზე მფლობელობა დაკარგა სახელმწიფოს მიერ წარმოებული უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად, ქონება მისი მფლობელობიდან გავიდა ნების საწინააღმდეგოდ და ნების გარეშე.  მხარეს დროის არც ერთ მონაკვეთში არ დაუკარგავს ინტერესი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის (მოპოვებისა) და შესაბამისად, ფართში ბიზნესს-საქმიანობის განხორციელება-გაგრძელების მიზნებისთვის. შესაბამისად, სათანადო სამართლებრივი ვითარების შექმნისა და იურიდიული ინტერესის პირობებში, ნიაზ ხალვაშმა უკვე კომპანია „ბიზონის“ სახით, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუქციონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 30 მარტს, ხელახლა და მეორედ შეიძინა თავისი ქონება. შესაბამისად, ნიაზ ხალვაში და მისი კომპანია აღიჭურვა ყველა იმ სამართლებრივი სიკეთით, რომელიც გამომდინარეობდა კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტიდან.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 14 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უაღრესად საკამათო გადაწყვეტილებით, სასამართლო მამუკა სხვიტარიძის კომპანიას უკმაყოფილებს მოთხოვნას და ნიაზ ხალვაშის კომპანია კარგავს აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე - დაბრუნებულ ბიზნესზე საკუთრების უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია ქართულ სამართლებრივ და ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობის სისტემაში, რომელიც მნიშვნელოვან დარტყმის ქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს და სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მოტივით, იურიდიულ საფუძველს აცლის სააღსრულებლო წარმოებათა სანდოობას, საკუთრების უფლების დაცულობას, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. სასამართლო აუქმებს ნიაზ ხალვაშის შეძენილ ქონებაზე აუქციონის შედეგებს, მაგრამ არ გამოთქვამს დასაბუთებულ პოზიციას, რა უფლებრივი მდგომარეობის წინაშე რჩება შემდგომში ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.

    „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშავს, რომ მართალია, მამუკა სხვიტარიძე უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლებას ინარჩუნებს, თუმც კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ცნობაზე. აღნიშნულ ფართში შენობა-ნაგებობაზე მფლობელობა გააჩნია ნიაზ ხალვაშს და მის მიერ დაფუძნებულ კომპანია შპს ბიზონს. შესაბამისად, შექმნილია სამართლებრივი მდგომარეობა, როდესაც საკუთრებასთან მიმართებით სახეზეა საზიარო უფლება. სწორედ ამ რეალობის ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მიზანს წარმოადგენდა 2026 წლის 21 აპრილიდან - დღემდე მამუკა სხვიტარიძის მოქმედებები და მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ნიაზ ხალვაშის მიმართ, რომელიც კონკრეტული რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

    „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს:

    1. სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს მამუკა სხვიტარიძის მოქმედებათა მიმართ, რომელმაც 2026 წლის 21 აპრილს, განზრახ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გატეხა ჭიშკარი, შეიჭრა სადავო ფართში და დაძრული ავტომობილით გადაუარა ნიაზ ხალვაშს. ხელვაჩაურის რაიონული პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავს და შემოიფარგლება მხოლოდ ავტომობილის საჯარიმო ღონისძიებებით.

    2. სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს მამუკა სხვიტარიძის მოქმედებათა მიმართ, რომელიც დღისით, ღამით, ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე, სადავო ტერიტორიაზე გადაადგილდება შეიარაღებული, ბრონირებული ჟილეტით, შეურაცხყოფას აყენებს და კონფლიქტში იწვევს ნიაზ ხალვაშს, მისი ოჯახის წევრებს, მოიხსენიებს მათ ცინიკური გამონათქვამებით, ესვრის სიგარეტის ნამწვევს, აგინებს, ლანძღავს და ფიზიკურად ძალის დემონსტრირებას ახდენს. ყველა გარემოება წარდგენილია ხელვაჩაურის რაიონულ პოლიციაში, მაგრამ ინციდენტებზე რეაგირება შემოიფარგლება მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევით,

    3. სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს მამუკა სხვიტარიძის მოქმედებათა მიმართ, რომელმაც საზიარო ფართში შემოიყვანა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თავს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებად ასახელებენ და ყოველგვარი იდენტიფიცირების, მოწმობისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაიწყეს ნიაზ ხალვაშისა და მასთან ერთად, სხვა პირთა ფართში გადაადგილების ფოტო-ვიდეო გადაღება, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება, გადაცემა. ორგანიზაციის გარკვევით, დაჯგუფების წევრებს: გერონტი შავაძეს, იმედა შავაძესა და ედუარდ სოლომონიძეს ზედამხედველობას უწევს რამაზ ცეცხლაძე, რომელიც მამუკა სხვიტარიძის უშუალო მითითებებს ასრულებს. დასახელებული ჯგუფის ადგილზე საქმიანობა პირდაპირ არღვევს პირთა პერსონალურ მონაცემებსა და უსაფრთხოებას, თუმცა მაღალი მიკერძოების ფონზე, ფაქტზე არ რეაგირებს შრომის ინსპექცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და არც პოლიციის განყოფილება.

    „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სხვა შეფასების საგანს წარმოადგენს მამუკა სხვიტარიძის მრიდან ნიაზ ხალვაშისა და მისი ოჯახის წერების მისამართით წარმოებული ცილისწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ყალბი შეხედულებების ჩამოყალიბებას. ამდენად, ორგანიზაცია აღნიშმავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ახალი სარჩელი, რომლის მიზანია ცილისწამებლური ცნობების უარყოფა. კერძოდ, სარჩელით მოთხოვნილია დაევალოს მამუკა სხვიტარიძეს მედიასაშუალება „აჭარა თაიმსის“ ვებ-გვერდისა (www.ajaratimes.ge) და გაზეთ „ბათუმელების“ ვებ-გვერდის (www.batumelebi.netgazeti.ge) მეშვეობით, გამოაქვეყნოს ცნობა იმის შესახებ, რომ ფატი ხალვაშის, ნიაზ ხალვაშის, ქიბარ ხალვაშის, შპს „ბიზონის“ მისამართით 2026 წლის 22 ივნისს გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ცილისწამებას - არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ განცხადებას.