Society
    2026-09-10 | 12:20

    თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში ფოსტით წერილები გაუგზავნეს

    თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში ფოსტით წერილები გაუგზავნეს

    გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში ფოსტით წერილები გაუგზავნეს:

    "გრიგოლ ლილუაშვილს!

    გრიგოლ ახლა იმყოფები პატიმრობაში. როგორც ხედავ ყველაფერი დროებითია, თანამდებობაც, გავლენებიც... 2020 წელს ალბათ ვერც წარმოიდგენდი რომ 6 წლის შემდეგ ციხეში ამოყოფდი თავს. ახლა მაინც გამოიჩინე კაცობა, თქვი სიმართლე... იცოდე ეს საქმე მაინც გაიხსნება და პასუხს მაინც აგებ ამ საქმეზე. რაც დროულად იტყვი შენთვის აჯობებს. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა: ,,ჩვენს სამსახურს კურირებს სუს-ის უფროსი ლილუაშვილი და შსს-ო“. თქვი ყველაფერი, რაც იცი ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. შენც ხო მამა ხარ?!

    შვილმოკლული მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი!" - ნათქვამია სუს-ის ყოფილი უფროსისთვის განკუთვნილ წერილში.

    ირაკლი ღარიბაშვილს კი წერილს ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სწერს:

    "გადავწყვიტე მეც წერილობით მომემართა თქვენთვის, რადგან თქვენი ბოლო წერილი გახდა ჩემთვის თვალშისაცემი და ირიბი მინიშნება იმისა, რომ ხდება მკვლელობების თვითმკვლელობებით შენიღბვა. ალბათ თამარ ბაჩალიაშვილი იყო პირველი ვისი მკვლელობაც შეინიღბა თვითმკვლელობად, მაგრამ როგორც ყველა დანაშაული არ არსებობს უშეცდომო, აქაც ეგრე მოხდა (და თანაც არაერთი შეცდომა).

    მოგმართავთ იმისთვის, რომ რაც კი იცით ამ დანაშაულის შესახებ აღიაროთ და ამით სული მაინც გადაირჩინოთ, როგორც თქვენმა მოგვარე გიორგი ღარიბაშვილმა გააკეთა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სცოდნოდა რომ ამ სიტყვებს არ აპატიებდნენ (გულის შეტევას გამოიწვევდნენ, როგორც თამარის შემთხვევაში, ხელწერა ერთნაირია), მაინც თქვა ,,თქვენს შვილს თავი არ მოუკლავს, თქვენი შვილი მოკლეს“. ეს პირდაპირ იმის აღიარება იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს ვილა ალგეთის ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე სადაც იდეალური ადგილი იყო მკვლელობისთვის და მანქანის დასამალად.

    მე კარგი შვილი გავზარდე, სამართლიანი, რასაც შეეწირა კიდეც. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემი შვილის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა: ,,თქვენ საუკეთესო შვილი გყავდათ, მე 150 კაცი დავკითხე თამართან მიმართებაში და ერთსაც კი აუგი და გადახრილი სიტყვა არ უთქვამთ“.

    გამიგრძელდა სიტყვა და მოკლედ ვიტყვი, მონანიება საუკეთესო რამაა რაც კი უფალს სასოწარკვეთილი ადამიანისთვის შეუთავაზებია.

    აღიარეთ და მოინანიეთ რაც თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ჩაიდინეთ და ღმერთი მოწყალეა, მოგიტევებთ... სამართალი იზეიმებს!

    ფიზიკურად თამარს არავინ გამიცოცხლებს მაგრამ მისი სული სიმშვიდეს ჰპოვებს, რაც ჩემთვის ეგზომ სანატრელია.

    შვილმოკლული დედა თეონა თამაზაშვილი! "

    Related Articles