შვეიცარიამ ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა
3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილის სხდომაზე მიიღო.
შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ზომა ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და ის საქართველოს სხვა მოქალაქეებს არ შეეხება.
მათივე განმარტებით, ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ მესამე ქვეყნებისთვის მოქმედი ვიზის შეჩერების მექანიზმი გაამკაცრა, რაც მას საშუალებას აძლევს, ახალი საფუძვლებით დროებით აღადგინოს სავიზო მოთხოვნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთ საფუძვლებს შორისაა მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესება, მათ შორის, ადამიანის და ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები.
შვეიცარიის მთავრობის ცნობით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სწორედ ამ მექანიზმის გამოყენება გადაწყვიტა და გასულ წელს საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მითითებით ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო რეჟიმი 12 თვის ვადით შეაჩერა.
მათივე განცხადებით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიისთვის სავალდებულოა.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილებაში შესაბამისი შესწორებების შეტანას, ასევე, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლის მოქმედების შეჩერებას.