კონფლიქტის ზონა
    2026-04-02 | 12:44

    რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებით ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს აგრძელებს - DRI

    რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებით ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს აგრძელებს - DRI

    რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რბილი ძალის“ გამოყენებით ანექსიისკენ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებს, — ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) პრესრელიზშია აღნიშნული.

    ორგანიზაციის შეფასებით, სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ ორგანიზებული „საგანმანათლებლო“ აქტივობები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს კრემლი რბილი ძალის ინსტრუმენტებს ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.

    DRI-ის ცნობით, რუსეთის საზოგადოება „ზნანიეს“ მიერ ცხინვალში ჩატარებული ლექციების სერია ფორმალურად განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მიზნებს ემსახურება, თუმცა რეალურად ახალგაზრდებზე იდეოლოგიური ზემოქმედების ინსტრუმენტს წარმოადგენს.

    მათივე ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში რუსეთიდან ჩასული ექსპერტები სამხრეთ ოსეთის სკოლებსა და უნივერსიტეტში ატარებენ ლექციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ინფორმაციული ომი, ჰიბრიდული ომი, პატრიოტიზმი და რუსეთის როლი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში.

    როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, სასწავლო მოდულებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასავლურ პროპაგანდასთან „გამკლავების მეთოდოლოგიას“ და ინტერნეტში გავრცელებული „მანიპულაციების“ იდენტიფიცირების სწავლებას, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, პროგრამის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ მიზანმიმართულ იდეოლოგიურ ხასიათზე მიუთითებს.

    ორგანიზატორების განცხადებით, ლექციების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებაა. თუმცა DRI მიიჩნევს, რომ მსგავსი პროგრამები რეალურად ემსახურება რუსული ნარატივის დამკვიდრებას, სადაც კრემლი წარმოდგენილია როგორც მთავარი კულტურული და პოლიტიკური ცენტრი, ხოლო დასავლეთი — როგორც საფრთხე.

    „ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების ინტეგრირებას რუსეთის იდეოლოგიურ სივრცეში“, — ნათქვამია განცხადებაში.

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი აქტივობები რუსეთის რბილი ძალის კლასიკური მაგალითია, რომლის მიზანიც ოკუპირებულ რეგიონებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, იდეოლოგიური ინტეგრაცია და საბოლოოდ ამ ტერიტორიების უფრო მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციაა რუსეთთან.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ პროცესში განათლებისა და ინფორმაციის სფერო მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის.

    ამასთან, DRI-ის ინფორმაციით, საზოგადოება „ზნანიე“, რომელიც ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროსგან ფინანსდება, მსგავს პროგრამებს აფხაზეთშიც ახორციელებს.

    „მსგავსი ღონისძიებები უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო ინიციატივები, არამედ როგორც ფართო პოლიტიკური და საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაღრმავებას“, — აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პრესრელიზში.