სოცმედია
    2026-04-07 | 09:49

    უკვე ყველაფერი ვნახეთ, რისი ნახვაც შესაძლებელი ყოფილა ივანიშვილის კორუმპირებული, აგრესიული და მდაბიო "კულტურის" პირობებში - ლაშა ბუღაძე

    უკვე ყველაფერი ვნახეთ, რისი ნახვაც შესაძლებელი ყოფილა ივანიშვილის კორუმპირებული, აგრესიული და მდაბიო "კულტურის" პირობებში - ლაშა ბუღაძე

    მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:

    დიდი ლიტერატურული ტექსტის დეკონსტრუქცია და დესაკრალიზაციაც კი არათუ დასაშვები, არამედ ზოგჯერ აუცილებელიც კია, რათა ტექსტს ის დაუბრუნდეს, რაც შესაძლოა მას "ძეგლად", აფორიზმებად ციტირებულ მკვდარ კულტად, "ტოტემად" ქცევამ დაუკარგოს - ანუ სიცოცხლე. ისეთი "ფაუსტი" მინახავს, სადაც საბრალო გოეთეს ბიუსტს მთელი მეორე ნაწილის განმავლობაში სათლი ემხო თავზე, ხოლო ვაგნერის ბაიროითულ "მაისტერზინგერებში" გუნდის მომღერლებს ვაგნერის და ლისტის ნიღბები ჰქონდათ და ნახევარი ოპერა უნატურალურესი რეზინის ფალოსებით ცდილობდნენ ერთმანეთის ცემას. თქვენ იქ უნდა გესმინათ აგრესიული ბუუ-ები და აღტაცებულთა ოვაცია. ისიც საინტერესო იყო, რომ ამ დადგმის რეჟისორი ვაგნერის შვილთაშვილი, კატარინა, გახლდათ, დიდი ბაბუის მსგავსად წინწამოწეული ნიკაპით და მეორე დიდი ბაბუის, ფერენც ლისტის ეპატაჟურობის ჟინით, მაგრამ ამ დადგმის რაღაცნაირი აუტანლობის მიუხედავად (მუსიკის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით), სანახაობა უთუოდ გიჟური, ექსცენტრული და საინტერესო იყო. ეპიდავროსშიც, მარმარინოსის "ლისისტრატეში" ორმოცდაათი სრულიად შიშველი, სხვადასხვა ასაკის, ზომა-წონისა და ტემპერამენტის მქონე ქალი იდგა სცენაზე, ხოლო მარტალერი-ლესინგის "პენთისელეაში" დედიშობილა აქილევსს მხოლოდ წინდა ეცვა ფეხზე - აქაოდა მარტო ქუსლი აქვს მოკვდავისო. კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლებოდა... სადაც ერუდიცია, ტალანტი და განვითარების ამბიცია ხვდება ერთმანეთს, იქ "საკრალურობაზე" ვიშვიშვი, ცხადია, დრომოჭმული და საზიანოა, მაგრამ სადაც დეგრადაცია და, უკაცრავად, ესთეტიკურ-პოლიტიკური ქოცობაა (ამ სიტყვის ამ შემთხვევაში საბედისწერო და ღირებულებითი შინაარსით), აქ რას უნდა ელოდე ახალს ან საინტერესოს?! ამ შემთხვევაში ვერავის დავძრახავ, ვინც ამას იტყვის: არ მინახავს, მაგრამ ვგმობო, რადგან უკვე ყველაფერი ვნახეთ, რისი ნახვაც შესაძლებელი ყოფილა ივანიშვილის კორუმპირებული, აგრესიული და მდაბიო "კულტურის" პირობებში.

    "ვეფხისტყაოსნის" დეკონსტრუქციის გენიალურ მაგალითად კი აკა მორჩილაძის პოსტმოდერნისტული შედევრი, "წიგნი", მესახება, რომელიც მხატვრული რეალობის სუბსტანციისა და ისტორიული სინამდვილის უცნაურ კონფლიქტზე მოგვითხრობს: "ისტორიულ" ფრიდონზე, რომელიც იმ ორთან ერთად არც წასულა ქალის გამოსახსნელად, მაგრამ რუსთაველის მიზეზით კი ყველა ამ ამბავს ჰყვება მასზე. ეს მოთხრობა წლების წინ დაიწერა და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ვერასდროს ვკითხულობ აღელვების გარეშე, რადგან ამ ტექსტითაც კი უწყვეტობის განცდა მეუფლება რუსთაველის უკვდავ შედევრთან, რომელიც, გარდა ყველაფრისა, თავგანწირვის ამბავიც არის - ქმედებად ქცეული ზნეობრივი ბრძოლის, რომლის ადგილიც "ახლა და აქ" ნამდვილად ვერ იქნება ანტირუსთაველურ-ქოცურ საქართველოში“.