დაქოცნაცებული საქართველო და ვეფხისტყაოსანი - ირაკლი კაკაბაძე
მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დიახ, რუსთველის 'ვეფხისტყაოსანი' ჩვენი ლიტერატურის მარგალიტია. გენიალური ეპოსია - უდიდესი ნაშრომია შუასაუკუნეებიდან. რუსთაველმა შექმნა ქართული პოეზიის განუმეორებელი ენა. ის ხელუხლებელი შედევრია, რომელზეც ქართველობა იზრდებოდა. ამაზე კამათიც არ შეიძლება და ამას ვერც ვერავინ შეცვლის ვერასდროს.
დიახ, 'ვეფხისტყაოსანი' სავსეა ნეოპლატონისტური და სუფიური - არამატერიალური სულით. ეს არის ქართული რენესანსის სრული აღმაფრენა - ეს არის თამარის ეპოქის ხატი, რომელშიაც კარგად ჩანს ქართული სულის კოსმოპოლიტიზმი და ჰუმანურობა. ის ყოველთვის იყო ახალგაზრდების სულიერი იდეალების წყარო - და იმედია იქნება.
თუმცა, დღევანდელი საქართველო, მსოფლიოს სხვა ნაწილებთან ერთად პორნოგრაფიის, ქორ-ვაჭრების, საპნის ოპერების და ძალმომრეობის ქვეყანაა. ეს უნდა ვაღიაროთ. ინტერნეტზე ვიდეოების ნახვის რეიტინგით პირველ ადგილზეა პორნოგრაფია, მეორეზე ძალადობა და მესამეზე საპნის ოპერა. შემდეგ მოდის ჭამა. ჩვენს ცხოვრებაშიაც მატერიალიზმი ზეობს - ერთმანეთს დაპირისპირებულია რამოდენიმე ელიტური ჯგუფი, რომელიც ყველა დანარჩენს 'უსამშობლოდ', 'მოღალატედ', 'რუსად', 'მონღოლად' და ასე შემდეგ აცხადებს. სიძულვილი ზეიმობს - ვირტუალურად შექმნილი დიდი 'მომხმარებელთა ჯგუფები' მუდმივად ერთმანეთს უკივიან კოლექტიურად: 'ამოწყდით, ამოწყდით'. ძალადობისკენ უკვე აშკარა მოწოდებებია და ამ ძალადობას ყოველ დღე ვხედავთ ქუჩაში. ვინც ბედავს ამ ძალადობის წინააღმდეგ წასვლას მოღალატედ ცხადდება სხვასხვა ჯგუფების მიერ. 'ხროვის მენტალიტეტი' - ანუ Group Think-ი დღეს წამყვანი ტენდენციაა - როგორც ერთი დიდი ლინგვისტი ამბობს: 'ბაბლების ბატონობა ინდივიდუალზე'. მაშინ, როდესაც რომელიმე ინდივიდუალი გაბედავს და 'ძირითადი ტენდენციის' წინააღმდეგ წავა, მაშინვე დაესევა ხროვა და მას ვირტუალურად ჯვარს აცვამს.
ანუ: სად დაიკარგად ჩვენში 'ვეფხისტყაოსნის' იდეალი? სად წავიდა ავთანდილი და თინათინი თავისი პლატონური გრძნობებით? სად არის ინდოელი ტარიელი და მისი სატრფო ნესტან დარეჯანი? განა ის სამუდამოდ ჩარჩა 'ქაჯეთის ციხეში', სადაც მხოლოდ იაფფასიანი ტოქ-შოუები და საპნის ოპერები გადის?
დიახ: უნდა ვაღიაროთ, რომ სულიერ პორნოგრაფიაში ჩაძირული ქართველი ერი დღეს თითქმის სრულიად ზნედაცემულია. ის გათახსირებულია ტოქ-შოუებში ნანახი იაფფასიანი სამკაულებით. ის გაზარმაცებულია და ელოდება ტელევიზიით ბრძოლის მე-15 რაუნდის ყურებას, სადაც მის მაგივრად დაქირავებული ბოქსიორები იბრძვიან. მას აღარ უნდა თავისუფლება - დღეს ის ვაჭრებმა საკუთარი ბიოლოგიური ინსტიქტების მონად აქციეს. ის მხოლოდ ფიზიოლოგიური ვნებების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს. მას აღარ ახსოვს არც პლატონი და არც პლატონური სიყვარული. დღეს სქესობრივი აქტი ჭამის ტოლფასია - თანაც ყოველგვარი გრძნობის გარეშე. მშრალი პრაგმატიზმით იზრდებიან ბავშვები - მათი ნაწილი ხდება კრიმინალი, ნაწილი კარიერისტი მძარცველი, ნაწილი დაუნდობელი მტაცებელი - და ძალიან ცოტას აქვს სურვილი დაიცვას სუსტი ან ლამაზი ბუნება..
ნამდვილად: ქართველებმა 1991 წელს აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რომელიც 1921 წელს ისევ ქართველმა ბოლშევიკებმა წაგვართვეს. ამ აღდგენილმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ 9 თვე თუ იარსება. 1992 წლის დასაწყისშივე სამხედრო გადატრიალებით მოვსპეთ ეს დამოუკიდებლობა და იმის მერე ვართ ისევ კოლონია. დიახ, ამასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. სად იყო ჩვენში ამ დროს ან ტარიელი ან ავთანდილი ან თუნდაც ფრიდონი?
უტყუარად: ჩვენ დღესაც ბარბაროსული ცხოვრებით ვცხოვრობთ და ჩვენთან ბევრი ჩაგვრაა, წამებაც, და ერთმანეთის სიძულვილიც. რამოდენიმე ელიტური ჯგუფი გაყოფილია, და ყველა სარგებლობს ჩვენი დამპყრობლის ფინანსური მხარდაჭერით: ერთი ჯგუფი ბიძინეს ჯგუფია, რომელზეც ყველამ იცის. მეორე ჯგუფი თემურ და გიული ალასანიების ჯგუფია, რომელსაც აგრეთვე დიდი Group Think-ი აქვს. მესამე ჯგუფი ნიგზარ ფოფხაძის ჯგუფია, რომელიც მთელი ქვეყნის 'ასავალ-დასავალს' კითხულობს; სამივე ეს ჯგუფი საკუთარ ძალაუფლებაზე ზრუნავს და არა ქვეყანაზე და მის თავისუფლებაზე. ერთმანეთს აგინებენ და დანარჩენ ხალხსაც მიგვაგინებენ. სად არის აქ ტარიელი ან ავთანდილი?
და სად ჩანს ჩვენს ცხოვრებაში 'ვეფხისტყაოსნის' იდეალი? ვინ განასახიერებს ამ 'გამარჯვებულ გმირს'?
პასუხი: არავინ. ჩვენ ბარბაროსები ვართ, ვინც სულიერი პორნოგრაფიით ვცხოვრობთ.
მაშ, რას ვერჩით იმ რეჟისორს, რომელმაც ეს პირდაპირ გვითხრა? მას ტექსტი არ დაუმახინჯებია - არა. მან ჩვენი დღევანდელი ცხოვრება გვაჩვენა და გვაჩვენა ის კონტრასტი რაც ამ ცხოვრებას აქვს ავთანდილის და თინათინის ცხოვრებასთან.
არის კონტრასტი ცხოვრებაში? არის. სამწუხაროდ და საუბედუროდ.
ნამდვილად: თავს ნუ მოვიკატუნებთ და ნუ მოვიტყუებთ. ჩვენ ვართ ლაფში - თავიდან ბოლომდე. 1992 წლის მერე ნათელი წერტილებიც აღარ გვაქვს. გარშემო კარიერისტები, მომხვეჭელები, მატერიალისტები, მომხმარებელი მონები დარბიან და ძალაუფლებისთვის იბრძვიან მხოლოდ. ზოგს NGO აფინანსებს, ზოგს კერძო და მტაცებელი კორპორაცია თავისი 'კორპორატიული სადილებით', ზოგს გაყიდული მთავრობა თავისი სსიპებითა და აიპებით. და ბევრი სრულიად მიუსაფარია. მოხუცებულთა სახლებიც ვერ იტევს მსურველებს. ბავშვები სიღატაკეში იზრდებიან. ქვეყანაში არაფერია გასახარი.
გვაქვს იმის სიამოვნება, რომ ვიამაყოთ 'ვეფხისტყაოსნით'? - თუ სიმართლე ჩვენი მეგობარია, არა, არ გვაქვს! ჩვენ დიდი ხანია ვუღალატეთ ქვეყანას, ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყავს საკუთარი ხელისუფლება - სულ 9 თვე გვყავდა.. და ჩვენ დიდი ხანია აღარ ვართ სულგრძელები.. უკვე დიდი ხანია ვაჭრუკანები გვმართავენ. 'ჯაბანნი ვაჭარნი' დაუფლენ ქვეყანას. ინტელიგენტები ემსახურებიან ამ ვაჭრებს - რა მნიშვნელობა აქვს რა სახელის ქვეშ იქნება ვაჭარი ჯაბანი. ისინი ბევრნი არიან და ისინი მართავენ ქვეყანას.
ისინი ყიდიან ყველაფერს.
ისინი ახალისებენ სულიერ პორნოგრაფიას.
და უკვე ფიზიკურსაც..
და რას ვერჩით რეჟისორს, რომელმაც ჩვენი დღევანდელი ცხოვრება გვაჩვენა, რუსთაველის ტექსტის გამოყენებით? უნდა ვთქვათ, რომ შოთას გენიალური სიტყვები ძალიან კარგად გვანახებს ჩვენს საოცარ დამდაბლებას და პროსტიტუციას.
ნუ მოვიტყუებთ თავს:
რუსთაველი დიდია. მაგრამ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დღეს არ გვყავს. ეს ჩვენი სირცხვილია.
დღეს, ჩვენი ყველაზე აქტუალური გმირი ალუდა ქეთელაურია, რომელიც თავის ტომს ტოვებს.
სამწუხაროდ.
მადლობა ყველა რეჟისორს და მწერალს, რომელმაც სიმართლე მითხრა. მარტო ერთს კი არა, ყველას.
სამწუხაროდ ასეთი ბევრი არაა”.