მსოფლიო
    2026-04-11 | 14:01

    პაკისტანში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

    პაკისტანში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

    ისლამაბადში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა უცნობია, მოლაპარაკებები პირისპირ მიმდინარეობს, თუ შუამავლების მეშვეობით. ინფორმაციას CNN-ი ირანის სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

    თუ დადასტურდა, რომ მხარეები პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ეს იქნება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე მაღალი დონის პირისპირ მოლაპარაკებები 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ფონზე მიმდინარეობს. მხარეები ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე 7 აპრილს შეთანხმდნენ.

    ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

    ირანულ დელეგაციაში კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი შედიან.

    Reuters-მა ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი კატარისა და სხვა ქვეყნების ბანკებში გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას დათანხმდა, ხოლო  CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა.