ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა
ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერევნის „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
„კარგია, რომ ასე მალე დავბრუნდი ერევანში. ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე. სომხეთი აგრძელებს რეფორმების კურსს და ევროპას უახლოვდება. ამიტომ, აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს. ჩვენ თქვენთან ვართ“, – წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ერევანში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებებს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.