ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა
ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დასრულების შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა.
მისი თქმით, დაახლოებით 21-საათიანი ინტენსიური განხილვების მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ეს ირანისთვის უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკისთვის“, — აღნიშნა ვენსმა ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვენსის განცხადებით, აშშ-მა ირანს „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარუდგინა, რომელიც, მისი შეფასებით, „საკმაოდ მოქნილი“ იყო, თუმცა ირანულმა მხარემ მის პირობებზე უარი განაცხადა.
„ჩვენ კეთილი ნებით ვმოქმედებდით, თუმცა პროგრესის მიღწევა ვერ შევძელით“, — თქვა მან.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მუდმივ კავშირზე იყო დონალდ ტრამპთან და ბოლო 21 საათის განმავლობაში მასთან არაერთი საუბარი გაიმართა.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აშშ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის მარკო რუბიო, პიტ ჰეგსეთი, სკოტ ბესენტი და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ირანის მხრიდან ბირთვულ პროგრამაზე მკაფიო ვალდებულების არქონა იყო.
„ჩვენ გვჭირდება მკაფიო გარანტია, რომ ირანი არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას არც ახლა და არც გრძელვადიან პერსპექტივაში — ეს ვალდებულება ჯერ არ გვინახავს“, — განაცხადა ვენსმა.
პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას ვენსი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე იყვნენ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
ირანის დელეგაცია 71 წევრისგან შედგებოდა და მოიცავდა მომლაპარაკებლებს, ექსპერტებსა და უსაფრთხოების წარმომადგენლებს.