პოლიტიკა
    2026-04-17 | 11:54

    ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასცინოს საქართველოს მოსახლეობას - ირაკლი კუპრაძე

    ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასცინოს საქართველოს მოსახლეობას - ირაკლი კუპრაძე

    „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა სასკოლო განათლების მიმართულებით მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს აწყდება. 

    მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ლელომ“ სკოლებში უფასო კვების ინიციატივა 64-დან 63 მუნიციპალიტეტში დააყენა და „ქართლი ოცნებისგან“ პასუხად მიიღო - „არა“, მიზეზად კი არასაკმარისი ბიუჯეტი.

    "ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასცინოს საქართველოს მოსახლეობას მაშინ, როცა საგანმანათლებლო სფერო, განსაკუთრებულად სასკოლო სფერო, დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ შესთავაზოს დამცინავი, სარკასტული, ყალბი რეფორმა საქართველოს მოსახლეობას.
    იმისთვის, რომ გავიაზროთ რა ხდება დღეს სასკოლო განათლებაში, მარტივია ჩავხედოთ სტატისტიკას, UNICEF-ის და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად,
    - ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში;
    - ფულის არქონის გამო ბავშვთა 45.3% არ აქვს მისთვის სასურველი ერთი საგანმანათლებლო მასალაც კი, რაშიც იგულისხმება ლეპტოპი, წიგნები, სახატავი მასალა ან სამუსიკო ინსტრუმენტი.
    მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა, PISA-ს კვლევით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზე. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს "ქართული ოცნების" და ივანიშვილის პირობებში სასკოლო განათლების კრახზე.
    სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში სწავლა შეწყვიტა და საქართველოდან წავიდა 22 737 ბავშვი მშობლებთან და ოჯახთან ერთად.
    საქართველოში 2080 სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 1400-მდე სკოლაში კვების ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს! საქართველოს მთავრობის 2023 წლის ანგარიშში, მათივე მონაცემებით, ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის ღირებულბის 800-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს და აქედან 50%-ზე მეტი არის პრობლემური. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან და ესმით ის პრობლემა, რომ წლებია დაანგრიეს სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლები და მათი რეაბილიტაცია წლების განმავლობაში, მეექვსე, მეშვიდე, მერვე წელა არის დაუსრულებელი რის გამოც მშობლებს უწევთ მეორე, მესამე ცვლაში ტარება მოსწავლეების. ძირითად პრობლემას წარმოადგენს მათი გადაადგილება, უსაფრთხოება და სწავლის ხარისხი.
    ამ ვითარებაში, როცა სიღარიბემ, შიმშილმა სასწავლო პროცესის დროს და სკოლებში შეჭამა საქართველოს მომავლის პერსპექტივები, ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვცინის და გამოდის ინიციატივით, რომ სასკოლო ფორმები შემოიღოს, პრიორიტეტად დააყენა ეს საკითხი მაშინ, როცა ყოველი მეორე და მესამე ბავშვი შიმშილობს, მაშინ, როცა ასობით სკოლა დანაგრეულია და მათი რეაბილიტაცია კორუფციული რისკების ფონზე პრობლემურად მიმდინარეობს ან საერთოდ არ მიმდინარეობს, წარმოუდგენელია, საუბრობდე სხვა ტიპის პრიორიტეტზე, ამ შემთხვევაში მშიერი ბავშვებისთვის ლამაზ ფორმებზე.
    "ძლიერი საქართველო-ლელოსთვის”, რომლისთვისაც ეს პრობლემა მნიშვნელოვანია, ბოლო ერთი წლის პირობებში, "ლელომ" დავაყენეთ სკოლებში უფასო კვების დანერგვის ინიციატივა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. 64 მუნიციპალიტეტი არსებობს საქართველოში და 63-ში დაყენებეული გვაქვს უფასო კვების ინიციატივა, საკრებულოებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, გორში, თელავში, ყველგან!"ქართული ოცნების" მხრიდან ყველა მუნიციპალიტეტში მივიღეთ პასუხი, რომ არა, თურმე არ არსებობს ამისთვის ბიუჯეტი, მაგრამ არსებობს ასეულობით მილიონი ლარის ბიუჯეტი იმისთვის, რომ განაახლონ ავტოპარკი და ახალი ძვირიანი მანქანები იყიდონ, არსებობს ყველაფრისთვის ბიუჯეტი, მაგრამ არ არსებობს მშიერი ბავშვებისთვის.
    რატომ 64 მუნიციპალიტეტიდან 63-ში - 64-ე მუნიციპალიტეტი არის წალენჯიხა, სადაც უფასო კვების პროექტი არსებობს და ეს პროექტი სწორედ კოალიციურმა ოპოზიციურმა უმრავლესობამ შექმნა და "ლელომ" მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.
    "ძლიერი საქართველო - ლელო" ბოლო წლებია აქტიურად ვაყენებთ ამ საკითხს და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას!
    კიდევ ერთხელ გეტყვით რა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ - უნდა შეწყდეს განათლების სფეროში კოსმეტიკური რეფორმები და ყურადღება მიექცეს მთავარს, განათლების ხარისხს, შიმშილის დაძლევას სასკოლო პროცესის დროს და ინფრასტრუქტურის განახლებას და სწრაფად დასრულებას. უნდა მოგვარდეს ის ძირითადი გამოწვევები, რაც გავლენას ახდენენ სასწავლო პროცესის ხარისხზე და მარტივი მოცემულობით უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტებად, რა არის უფრო სწრაფად გადასაჭრელი პრობლემა, ეს არის შიმშილი სასწავლო პროცესის დროს, თუ უბრალოდ ლამაზი ფორმები.
    ივანიშვილი ვერ შეძლებს კიდევ ერთხელ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და გადაატანინოს ყურადღება არაარსებით პრობლემაზე”, - განაცხადა კუპრაძემ. 

    მსგავსი სტატიები