პოლიტიკა
    2026-07-08 | 11:22

    საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

    საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

    საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

    პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.

    „იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად, არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვებისა და „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ გვიწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჰააგაში — საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მსურს, ვთხოვო სამდივნოს, სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის სხდომის ოქმში“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

    ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.

    „დიდი მადლობა, ნიკოლოზ. როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თქვენ აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა“, - მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ნიკოლოზ სამხარაძეს.

    აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.