პოლიტიკა
    2026-07-08 | 11:51

    რეფორმების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად შეიქმნა - ნანუკა ჟორჟოლიანი

    რეფორმების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად შეიქმნა - ნანუკა ჟორჟოლიანი

    ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, რა მიზნით იქმნება რეფორმების საბჭო და ვის შეუძლია, ჩაერთოს პროცესში.

    როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი და ყველაფერი იქნება საჯარო.

    „რატომ შეიქმნა რეფორმების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად? რადგან პარტიული სტრუქტურა არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის დაბრკოლება და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, განხილვაში. ნებისმიერი პროფესიის, ასაკის, გამოცდილების ყველა პატრიოტმა, რომელიც, შეიძლება, ენმ-ის ამომრჩეველი არაა, მაგრამ გვაქვს მთავარი საერთო – „ქართული ოცნების“ დამარცხების სურვილი. ეს იქნება მცდელობა საქმიანი კოალიციის.

    ამ პროცესში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ემიგრაციიდან. მივიღებთ ახალ იდეებს, შენიშვნებს, წინადადებებს, როგორ ხედავვენ ბრძოლის ფრონტის გაშლას. ეს არ იქნება ურთიერთობის აქამდე აპრობირებული ფასადური ფორმატი. რეფორმების პროცესში ჩართული იქნება ყველა ინდივიდუალურად.

    ვინ იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე? „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, პოლიტსაბჭოს წევრები. პრიორიტეტი ხდება რეგიონი, „ნაციონალური მოძრაობის“ ქალი წევრები და ამომრჩევლები, რადგან, ჩემი აზრით, ამ პარტიის მთავარ ძალას ისინი წარმოადგენენ.

    გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი, რომ ჩართულობა რაც შეიძლება მაქსიმალურად აქტიურ ფაზაში იყოს.

    ჩემი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად იცით, რომ ყველაფერი იქნება საჯარო და ღია ვარ დისკუსიისთვის. მოგისმენთ და თქვენთან ერთად შევქმნი დღის წესრიგს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.